საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელის განცხადებით, 2027 წელს გლობალური ენერგეტიკული ბაზრები ირანის ომამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება.
სინგაპურის ენერგეტიკის საერთაშორისო კვირეულზე საუბრისას ფატიჰ ბიროლმა აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის და ახლო აღმოსავლეთში ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ბაზარზე ნავთობის, გაზისა და საწვავის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ამ დეფიციტის ამოვსებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება.
"ვშიშობ, ვერ ვხედავ ვერცერთ სარწმუნო მტკიცებულებას, რომ მომავალ წელს ენერგეტიკული ბაზარი იმ ნიშნულს დაუბრუნდეს, სადაც ომის დაწყებამდე ვიყავით," - განაცხადა IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
რაც შეეხება ევროპის ენერგოუსაფრთხოებას, ფატიჰ ბიროლის პროგნოზით, რუსეთიდან გაზის იმპორტის შემცირების გადაწყვეტილების გამო ევროპულ ქვეყნებს წელს რთული ზამთარი ელით. ამას ემატება ირანის ომით გამოწვეული პრობლემებიც, რადგან კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გაზის ექსპორტს ჩვეულ რეჟიმში ვეღარ ახორციელებენ, რაც ბაზარზე დამატებით წნეხს ქმნის. IEA-ს დირექტორი ფიქრობს, რომ წლევანდელი ზამთარი ევროპის კონტინენტისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება, რასაც 250%-ით გაძვირებული ბუნებრივი აირი განაპირობებს.
საერთო ჯამში, აშშ-ირანის ომის დაწყების შემდეგ, ნავთობი 90%-ით, საწვავი 100%-ზე მეტით, ხოლო გაზი 250%-ით გაძვირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ამ გადაწყვეტილებამ 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მწვავე ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
























