მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ნავთობის 10%-იანი გაიაფება?

ნავთობი

გუშინდელ სავაჭრო სესიაზე გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მკვეთრად შემცირდა და ვარდნამ 10%-ს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 106 დოლარის ფარგლებშია, ამერიკული WTI დაახლოებით 98 დოლარად ივაჭრება, ხოლო რუსული Urals-ის ფასი 91 დოლარს შეადგენს.

ფასების ვარდნა ირანთან დაკავშირებულმა პოზიტიურმა სიახლეებმა განაპირობა, რამაც ინვესტორებში ტრამპის ადმინისტრაციის მიერ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის გარეშე დასრულების მოლოდინი გააჩინა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ირანთან ომის დიპლომატიური გზებით დასრულება სურს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შუალედური არჩევნების შემდეგ დამატებითი სამხედრო იერიშებისთვის მზადების მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი უპირატესობას პროცესის მშვიდობიანად დასრულებას ანიჭებს და მისი სურვილია, რომ ეს კონფლიქტი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორშაბათს ვაჭრობის დახურვის შემდეგ, NBC News-ის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ტრამპი შუალედური არჩევნების შემდეგ ირანზე იერიშების განახლებას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ორჯერ უპასუხა - "არა".

ამასთან, თავად ტრამპმა ფასების ვარდნაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ნავთობი ერთ დღეში $10-ით გაიაფდა და ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რადგან აშშ ირანთან "მარტივად იმარჯვებს". მოგვიანებით მან სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება მალე სურს.

მოლაპარაკებების მიმდინარეობს ადასტურებს ირანული მხარეც, რომელიც უკვე საჯაროდ ადასტურებს, რომ ტრამპთან შეთანხმების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია ზუსტად 48 საათში სრულად აღდგება.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ 10%-იანი გაიაფების მიუხედავად, მიმდინარე წელს ნავთობი მაინც 75%-ით არის გაძვირებული, ხოლო საწვავის ფასები საშუალოდ 100%-ითაა გაზრდილი, შესაბამისად, ბენზინგასამართსადგურებზე დიზელისა თუ ბენზინის არსებითად გაიაფება ამჟამად არ არის მოსალოდნელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები