ბევრი სპეკულაციების მიუხედავად, ჩვენი ინვესტიციების გეოგრაფია არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ის ერთ ქვეყანასთან არ არის დაკავშირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 50% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ამას მოსდევს აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები და ზოგადად, ინვესტიციების გეოგრაფია არის დივერსიფიცირებული. მინისტრის შეფასებით, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ინვესტიციების მოზიდვა, ის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ეკონომიკური განვითარების და ტრანსფორმაციისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ხარისხიან უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული როლი გააჩნია. 2023 წელი წარმატებით მიმდინარეობს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პირველი ნახევარი წლის განმავლობაში გვაქვს ზრდა შარშანდელ რეკორდულ წელთან შედარებით და მილიარდ დოლარზე მეტია უცხოური ინვესტიციები.
ჩვენი მიზანია, რომ რეკორდული მაჩვენებელი მომდევნო რამდენიმე წელი შევინარჩუნოთ. აღსანიშნავია, რომ როგორც გეოგრაფია იყო მრავალფეროვანი ჩვენი უცხოური ინვესტიციების, ასევე მრავალფეროვანი იყო ის სექტორები და მიმართულებები, სადაც განხორციელდა უცხოური ინვესტიციები“, - განაცხადა დავითაშვილმა.