რას აკეთებს საქართველო, რომ მოიზიდოს მეტი ევროპული ინვესტიცია და რა აქვს გასაკეთებელი ამ მიმართულებით? ასევე, მსხვილ ჰესებთან დაკავშირებით, როდის განახლდება ხუდონის, ნენსკრას, ნამახვანის მშენებლობები და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების შესრულება საქართველოსთვის? - ამ კითხვებით მიმართა BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს. ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი რამ კეთდება.
“ევროპული ინვესტიციების მოსაზიდად ბევრი რამ კეთდება. ევროპა მთავარი ინვესტორი იყო შარშან. ევროკავშირის ინვესტიციებზე მოდიოდა სრული ინვესტიციების 48%, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შარშან 2 მილიარდს გადააჭარბა. ჩვენ ვხედავთ, რომ წელსაც ზრდა გვაქვს შარშანდელ მაჩვენებლებთან შედარებით და ევროკავშირი ლიდერებშია. ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მომავალშიც ჩვენ ველოდებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რა თქმა უნდა ამას განაპირობებს, ის ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბდა. საქართველო ბიზნესის კეთების კუთხით მე-7 ადგილზეა მსოფლიო ბანკის რეიტინგით და ა.შ.
მე ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ მივიღებთ მეტ ინვესტიციას, მათ შორის ენერგეტიკაში. დამატებითი ინვესტიციის მოსაზიდად დღეს განვიხილეთ სახელმწიფოს განახლებადი ენერგიების, ე.წ. CFD-მექანიზმი. ვფიქრობ, რომ ეს კარგი სტიმული იქნება მათ შორის ევროპელი ინვესტორებისთვის. ასევე ის, რომ ჩვენ დავუახლოვდებით ევროპულ ბაზარს, მეტი სტიმულია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. ახლა არ მინდა გავაჟღერო წინასწარ, ვიდრე გვექნება შეთანხმებები, ევროპის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები დიალოგში არიან ჩვენთან, მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით. ეს არის სამუშაო ტექნიკური პროცესი. მეტ ინფორმაციას ამაზე ვერ მოგაწოდებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.