მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა, ტურიზმი - როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობა
16.07.25 00:05
1100

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დღეს თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ ურთიერთობის ფარგლებში ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

უწყების გავრცელებულ პრესრელიზში ითქვა ისიც, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, საქართველოს თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ეწვევა და მისი ვიზიტის ფარგლებში ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც ორივე ქვეყნის 300-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

თურქეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც სავაჭრო ურთიერთობების, ისე ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. BM.GE დაინტერესდა როგორ ვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და თურქეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ფულადი გზავნილების, ვაჭრობისა და ტურიზმის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს გთავაზობთ.

FDI

თურქული პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე იწყება. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტაბილურად შემოდიოდან, თუმცა ყველაზე რეკორდული მოცულობა 2017 წელს შემოვიდა, რა დროსაც საქართველოს ეკონომიკაში 256 მილიონ დოლარის თურქული ინვესტიცია ჩაიდო. მას შემდეგ მეზობელი ქვეყნიდან FDI-ის შემოდინება არათანაბარი იყო. 2024 წელს კი წლიურად ეს რიცხვი 93.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. გასულ წელს თურქეთი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებდა.

ბოლო 5 წლის სტატისტიკა ასეთია:

2024 წელი - $93.2 მლნ;

2023 წელი - $109.5 მლნ;

2022 წელი - $102.7 მლნ;

2021 წელი - $101.4 მლნ;

2020 წელი - $80.2 მლნ;

რაც შეეხება მიმდინარე წლის I კვარტალის მონაცემებს, თურქეთი ამ პერიოდში განხორციელებული 28.1 მლნ დოლარის ინვესტიციით ჩეხეთისა და აშშ-ის შემდეგ მესამე ადგილს უკავებს. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოს ეკონომიკაში თურქეთიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიცია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია [2024 წლის I კვარტალი - $53.2 მლნ].

ფულადი გზავნილები

საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში თურქეთი მერვე ადგილს უკავებდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ჯამში 101 მილიონ 461 ათასი დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2023 წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია [2023 წელს $114 მლნ].

2025 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში 42 მილიონ 352 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გადმორიცხულ ფულად გზავნილებს 6.3%-ით აღემატება.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში მეზობელ თურქეთს წლების განმავლობაში მოწინავე ადგილი უკავია. 2024 წელს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 228 მილიონ დოლარს აღემატებოდა, რაც მთლიანი ბრუნვის 13.8% იყო და თურქეთს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ეკავა.

სამხრეთ-დასაველთით მოსაზღვრე ქვეყანასთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება. 2024 წელს იმპორტი 2 მილიარდ 770 ათას დოლარს შეადგენდა, რაც 2023 წლის იმპორტს 7.6%-ით აღემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთიდან იმპორტის ძალიან დიდ ნაწილს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იკავებს. გასულ წელს იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $169.7 მლნ, 4 782 ტონა;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $77.1 მლნ, 75 868 ტონა;
  3. შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - $71.4 მლნ, 33 421 ტონა;
  4. შავი ლითონის მილები - $66.5 მლნ, 79 219 ტონა;
  5. მსუბუქი ავტომობილები - $64.2 მლნ, 1 408 ცალი.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან გასულ წელს 458 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც წლიურად 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპორტის დიდი წილი ფეროშენადნობებზე მოდიოდა. TOP-5 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ფეროშენადნობები - $144.5 მლნ, 129 144 ტონა;
  2. მაისურების და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი - $62.4 მლნ, 1 459 ტონა;
  3. ელექტროენერგია - $32.3 მლნ, 1 129 ტონა;
  4. მამაკაცის ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები - $32.3 მლნ, 1 129 ტონა;
  5. ალუმინის ნარჩენები - $14.9 მლნ, 7 197 ტონა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებს, საქართველოს-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ ამ პერიოდში მცირედ, თითქმის 4%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 211 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის შემცირებამ განაპირობა.

იანვარ-მაისში საქართველოდან თურქეთში 136.1 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც წლიურად 22.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ექსპორტის ნაწილში შემცირდა როგორც ტრიკოტაჟის, ასევე ფეროშენადნობების გადაზიდვებიც, რაც თურქეთში ექსპორტის სტატისტიკაზე აისახა. იმპორტი კი წელს 1%-ით 1 მილიარდ 075 მილიონ დოლარამდე შემცირდა, რაც ძირითადად მედიკამენტების იმპორტის კლებამ განაპირობა.

ტურიზმი

2024 წლის მონაცემებით, თურქეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით შემცირდა და მეზობელი ქვეყნიდან 1 336 834 ვიზიტი შედგა. არადა პანდემიური 2020 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მზარდი იყო. თურქეთი წლების განმავლობაში TOP-ქვეყნების რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებდა.

მიმდინარე წელს კი ვიზიტების კლების ტენდენცია გაგრძელდა და 6 თვეში 533 614 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 14.5%-ით ჩამორჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები