საქართველოში ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად რეინვესტიციის ხარჯზე იზრდება. ამ პროცესს ეკონომისტები ორგვარად აფასებენ: ერთი მხრივ, რეინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედი ბიზნესი ენდობა საქართველოს ეკონომიკას და მიღებულ მოგებას ისევ საქართველოში აბანდებს, თუმცა ეს აჩვენებს იმასაც, რომ ქვეყანაში ახალი უცხოური კაპიტალი ცოტა შემოდის.
2012-2025 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა და მშპ-ში მისი წილი ცვალებადია. 2014-2017 წლებში ინვესტიციების მოცულობა ეკონომიკაში შედარებით მაღალი 11% იყო. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ზრდა მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა გამოიწვია. მაგალითად ამ პერიოდში გაფართოვდა საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური მილსადენი. აქედან გამომდინარე ამ წლებში ინვესტიციების მაღალი მაჩვენებლები მხოლოდ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით არ მომხდარა.
2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში 4.7%-მდე, 2025 წელს კი 4.3%-მდე დაეცა. პანდემიის პერიოდის გამოკლებით, ეს ბოლო 14 წლის მინიმუმია.
მართალია, არ არსებობს დადგენილი წესი რამდენი უნდა იყოს ინვესტიციების წილი ეკონომიკაში, თუმცა ეკონომისტები გვეუბნებიან, რომ FDI-ის სიდიდის შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დათვლაა და საქართველოსთვის რაც უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი უკეთესია.
ინვესტიციების დათვლისას მნიშვნელოვანია თავად მეთოდოლოგიაც. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი კომპონენტისგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. საქართველოში შემოსული ინვესტიციები რეინვესტიციის ხარჯზე იზრდება. ბოლო წლებში რეინვესტიციის მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებდა. კერძოდ, 2024 წელს მან 84.6%, ხოლო 2025 წელს 82.5% შეადგინა.
რეინვესტიციის მაღალი წილი აჩვენებს, რომ ინვესტიციები დამოკიდებული საქართველოში უკვე მოქმედი საწარმოების მიერ მიღებული მოგების ხელახალ დაბანდებაზე.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ რეინვესტიციას აქვს მნიშვნელოვანი როლი, რადგან ნიშნავს, რომ უკვე არსებული ბიზნესი ქვეყანას ენდობა და ფულს დებს. თუმცა ეს ასევე მიანიშნებს, რომ საქართველოში ახალი ფული არ შემოდის.
"რეინვესტიციასაც აქვს თავისი დიდი სარგებელი. რას ნიშნავს რეინვესტიცია? ავიღოთ, მაგალითად, „საქართველოს ბანკი“, რომლის მფლობელი კომპანიაა ლონდონში დარეგისტრირებული Bank of Georgia Group. „საქართველოს ბანკმა“ წლის განმავლობაში მიიღო გარკვეული მოგება. მის მფლობელ კომპანიას, რომელიც ლონდონში იმყოფება, შეუძლია ეს მოგება დივიდენდის სახით უბრალოდ გაიტანოს ქვეყნიდან, რაც ჩვენთვის უარყოფითად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. მაგრამ თუ ამ ჯგუფმა, რომლის აქციებითაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და ბევრი აქციონერი ჰყავს, გადაწყვიტა, რომ ეს თანხა საქართველოში დატოვოს და მისი რეინვესტირება ბანკის ზრდაში განახორციელოს, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური მოვლენაა. რეინვესტირება, როგორც ისეთი, ნდობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. იმიტომ, რომ იმ კომპანიებს, რომლებიც დღეს საქართველოში აწარმოებენ ბიზნესს და უცხოეთში არიან დარეგისტრირებული რეალურად უცხოური კომპანიებია თუ ქართული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აქვთ შესაძლებლობა, მიღებული მოგება დივიდენდებად გაიტანონ. თუმცა ნაცვლად გასვლისა, ისინი რეინვესტირებას ახორციელებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ჩვენი ეკონომიკის მომავალს ნდობას უცხადებენ", - აცხადებს ქობულია.
რაც შეეხება მოცულობას, ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2.2 მლრდ დოლარი 2022 წელს დაფიქსირდა, შარშან კი 19%-ით 1.9 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
ინვესტიციების მოცულობა ბოლო ხუთ წელში:
- 2025 წელი - 1.9 მლრდ დოლარი;
- 2024 წელი - 1.6 მლრდ დოლარი;
- 2023 წელი - 2.1 მლრდ დოლარი;
- 2022 წელი - 2.2 მლრდ დოლარი;
- 2021 წელი - 1.3 მლრდ დოლარი;
ეკონომისტი რატი წიკლაური ამბობს, რომ საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოცულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მთავრობაც რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) და მასზე მოქმედი პოზიტიური თუ ნეგატიური ფაქტორები, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკაში მის წილზე დაყრდნობით უნდა გაიზომოს. თავისთავად აღებული 100 მილიონი დოლარი შეიძლება ძალიან დიდი თანხა იყოს ერთი ქვეყნისთვის და ფაქტობრივად ზღვაში წვეთი მეორისთვის. როდესაც განვითარებადი ქვეყანა ხარ, შენთან შემოსული ნებისმიერი რაოდენობის FDI შენი მომავალი განვითარების პოტენციური საწინდარია. ამიტომ, განვითარებადი ქვეყნებისთვის რაც უფრო მაღალია FDI-ს წილი ეკონომიკაში, მით უკეთესია. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მაღალ FDI-ზე უნდა გვქონდეს მოთხოვნა და მცირედს არ უნდა ვჯერდებოდეთ", - ამბობს წიკლაური.
რაც შეეხება სფეროებს, წლების განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში წამყვან როლს საფინანსო დ სექტორი ასრულებს, რომელმაც 2025 წელს მთლიანი FDI-ის დაახლოებით მესამედი მოიზიდა. ამ სტატისტიკას ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ორი უმსხვილესი ბანკი განაპირობებს.
























