მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDI-ის კლება გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებზე მოქმედებს - ლექსო ალექსიშვილი

PMCG

PMCG-ის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი FDI-ის ტენდენციებს აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისთვის უმნიშვნელოვანესი სტაბილურობა ფაქტორია.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, დიდ ბაზრებთან (ევროკავშირი, აშშ, ჩინეთი...) პარტნიორული ურთიერთობა საქართველოს ის მიმზიდველობაა, რომლის დაკარგვაც ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.

"სტაბილურობა არის განმსაზღვრელი და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ინვესტიციების დაბანდების ქვეყანაში და განსაკუთრებით, როდესაც საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. როგორც ვუყურებთ რიცხვებს, ფაქტია, რომ მაჩვენებელი კლებულობს. ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ზემოქმედებს გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებზე. რაც შეეხება, ამას რა განაპირობებს, ერთ-ერთი თემაა ცალსახად სტაბილურობა. ინტერესი, რომელიც ამ ქვეყანაში ინვესტიციებს უზრუნველყოფს არის სტაბილურობა, გეოგრაფიული მდებარეობა და ურთიერთობები გარე სამყაროსთან - ევროპასთან, სამეზობლოსთან, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები და თუკი ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები წარმოიშობა, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხი, ბუნებრივია ეს არის ძალიან ცუდი ფაქტორი სამომავლო ინვესტიციებისთვის. რაც ყველაზე მეტად არ მომწონს ამ მთავრობის საქმიანობაში ეს არის დიპლომატიური ენის დაკარგვა, რამაც საბოლოო ჯამში მოშალა ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენი მთავარი მიმზიდველობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თანაბრად კარგად შეგვიძლია საუბარი ყველა დიდ ბაზართან. ეს ფაქტორი მაქსიმალურად თუ არ შენარჩუნდება, ძალიან ცუდი იქნება. ხვალ თუ შეიძლება აქ სიტუაცია აფეთქდეს და ამან ჩემი ბიზნესი დაანგრიოს, ბუნებრივია არავის არ მოუვა აზრად, რომ ინვესტიციები განათავსოს", - ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 15.5%-ით $763.8 მლნ-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები