უზბეკეთის შემდეგ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია შუა აზიის რეგიონში თურქმენეთს სტუმრობდა. ოფიციალური ვიზიტების პერიოდში, რომელიც გუშინ გაიმართა, პრემიერი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში სტუმრობის მთავარი მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო. ვიზიტის დროს საქართველო-თურქმენეთს შორის ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება გაფორმდა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აშხაბადიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნას და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
სანამ საქართველო-თურქმენეთის მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შედეგები ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეტყობა, BM.GE დაინტერესდა, როგორ გამოიყურება რიცხვებში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური კავშირები დღეს.
აღსანიშნია, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ერთ-ერთი ინდიკატორის - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით თურქმენეთი დიდად არ გამოირჩევა. გასულ წელს თურქმენეთიდან საქართველოში FDI-ს სახით სულ 2 მლნ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. 2020 წელს ეს რიცხვი 70.5 ათას დოლარს, 2019 წელს კი 1.6 მლნ დოლარს შეადგენდა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან განსხვავებით შედარებით აქტიურია ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები. გასულ წელს საქართველო-თურქმენეთის საქონლით სავაჭრო ბრუნვა 216.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც აღემატებოდა როგორც პანდემიური - 2020 წლის, ასევე 2019 წლის მონაცემებს. აღსანიშნია, ისიც რომ მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ექსპორტ-იმპორტის მოცულობამ 112 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით აღემატებოდა გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
თურქმენეთთან საქონლით ვაჭრობაში ექსპორტს მცირე წილი უკავია. იანვარ-ივნისში საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით სულ 10.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს რიცხვი 2021-2020 წლების მაჩვენებელს აღემატება, თუმცა 2019 წლის ექსპორტზე 3-ჯერ ნაკლებია. (2019 წლის იანვარ-ივნისი - 33.9 მლნ დოლარი). უნდა აღინიშნოს, რომ თურქმენეთში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით შინაური ფრინველის ხორცი გადის.
საექსპორტო საქონლის TOP-10 ასე გამოიყურება:
1. შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 6.1 მლნ დოლარი, 3 823 ტონა;
2. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის - 490 ათასი დოლარი, 1 ტონა;
3. სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 478 ათასი დოლარი, 0.4 ტონა;
4. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 459 ათასი დოლარი, 19 ტონა;
5. სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას მიღებული კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 416 ათასი დოლარი, 609 ტონა;
6. ფეროშენადნობები - 406 ათასი დოლარი, 164 ტონა;
7. ეთილის სპირტი - 395 ათასი დოლარი, 26 ტონა;
8. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 294 ათასი დოლარი, 91 ტონა;
9. ფოლადის ნახშირბადიანი წნელები - 293 ათასი დოლარი, 387 ტონა;
10. სპეცდანიშნულების მანქანები და მექანიკური მოწყობილობები - 270 ათასი დოლარი, 98 ტონა.
ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტს უმთავრესი წილი უკავია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან თურქმენეთში სხვადასხვა საქონლის შესაძენად 102 მლნ დოლარი გავიდა. გასული 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთავარი საიმპორტო საქონელი კი ამ პერიოდში ნავთობროდუქტები იყო, რომელიც იმპორტის 96%-ს შეადგენდა. პირველი 10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 97.8 მლნ დოლარი, 98 193 ტონა;
2. პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა - 1.5 მლნ დოლარი, 1 010 ტონა;
3. აზოტოვანი და მინერალური სასუქები - 409 ათასი დოლარი, 580 ტონა;
4. ჭურჭელი სასადილო, საოჯახო ნივთები სხვა და ტუალეტის საგნები პლასტმასებისაგან - 333 ათასი დოლარი, 130 ტონა;
5. სატვირთო ავტომობილები - 330 ათასი დოლარი;
6. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 221 ათასი დოლარი, 153 ტონა;
7. ბაკნები, პირსაბანები და ანალოგიური სანიტარულ-ტექნიკური ნაწარმი კერამიკისაგან - 194 ათასი დოლარი, 233 ტონა;
8. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 135 ათასი დოლარი, 63 ტონა;
9. უქსოვადი მასალები - 118 ათასი დოლარი, 61 ტონა;
10. ბიტუმოვანი ნარევები, ბუნებრივი ასფალტი - 95 ათასი დოლარი, 312 ტონა.
ინვესტიციებთან და სავაჭრო ბრუნვასთან ერთად ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ტურიზმი ასრულებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით თურქეთთან ტურისტული კომუნიკაცია ნაკლები აქტივობით გამოირჩევა. პანდემიამდე - 2019 წელს საქართველოში თურქმენი ვიზიტორების მხრიდან სულ 13 708 ვიზიტი განხორციელდა. გასულ წელს ეს რიცხვი 765-მდე შემცირდა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ თურქმენი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში გააქტიურებულია და წელს 1 011 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 481%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 82.8%-ით ჩამორჩება.