“ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის კონტროლის პოლიტიკა ისეთნაირად უნდა დასტაბილურდეს, რომ ის მთავარ სასაუბრო თემად აღარ უნდა ჩაითვალოს”, - ამის შესახებ აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Bank of America-ს გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან მოინიჰენმა დავოსში განაცხადა, სადაც “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება.
ბანკირის შეფასებით, 2024-2025 წლებში, Bank of America-ში, ჯამში, რეფინანსირების განაკვეთის რვაჯერ შემცირებას ელიან - ოთხ-ოთხჯერ თითო წელს, რაც ბაზრის პროგნოზთან შედარებით ორი შემცირებით მეტია.
“მომდევნო რამდენიმე დღეში, 80-ზე მეტ გენერალურ დირექტორს ნახავთ, რომლებიც ისაუბრებენ, თუ რას აკეთებენ და როგორ აბანდებენ ფულს, რადგან სწორედ ესაა ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას ამოძრავებს, ასე რომ FED-მა პოლიტიკა ისე უნდა დაასტაბილუროს, რომ ის მთავარ სასაუბრო თემად აღარ უნდა ჩაითვალოს”, - განაცხადა ბრაიან მოინიჰენმა CNBC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.