მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FED-ის ახალი ეპოქა – როგორ ცვლის უორში ფინანსური სამყაროს წესებს?

FED უორში

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა და მისმა ახალმა თავმჯდომარემ, კევინ უორშმა, ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით წინასწარ გაწერილი სცენარი ზუსტად შეასრულეს და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 3.50-3.75%-ის დიაპაზონში დატოვეს.

მიუხედავად ამისა, უორშის სიტყვით გამოსვლა საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რამაც ინვესტორები სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით საგონებელში ჩააგდო.

წარმოგიდგენთ შეხვედრის ხუთ უმნიშვნელოვანეს შედეგს:

1. „ქორები“ აქტიურდებიან
განაკვეთის 3.5%-3.75%-ის ფარგლებში შენარჩუნებას კომიტეტის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ გამოიწვია. თუმცა, სამომავლო მოლოდინების ამსახველმა ე.წ. „წერტილოვანმა დიაგრამამ“ წლის ბოლოსთვის განაკვეთის შესაძლო ზრდაზე მიანიშნა. როგორ ცნობილია, საბჭოს წევრების აზრები შუაზე გაიყო: 9 წევრი განაკვეთის უცვლელად დატოვებას ან ერთჯერად შემცირებას ელოდება, ხოლო მეორე 9 — სულ მცირე ერთ ზრდას. მედიანური მაჩვენებელი მეოთხედი პროცენტული პუნქტით მატებაზე მიუთითებს, რაც ბაზარზე ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

2. უორშის პროგნოზი
შეხვედრამდე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ უორში საკუთარ პროგნოზს არ წარადგენდა, რაც თავად თავმჯდომარემაც დაადასტურა. წარსულში მას არაერთხელ გამოუხატავს ანტიპათია მსგავსი „სამომავლო მითითებების“ მიმართ, რადგან ის მიიჩნევს, რომ ეს სამომავლო პოლიტიკას ბოჭავს და ბაზარზე წინასწარ აჩენს იმ მოლოდინებს, რაც არ უნდა იყოს. უორშის თქმით, მან კოლეგებს მოუწოდა გააგრძელონ პროგნოზების წარდგენა, თუმცა თავად, თავისი დიდი ხნის შეხედულებებიდან გამომდინარე, ამისგან ის თავს შეიკავებს.

3. FED-ში სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა
უორში ფედერალურ რეზერვში სერიოზულ ცვლილებებს აანონსებდა და პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა: შეიქმნა 5 სპეციალური სამუშაო ჯგუფი. მათ დაევალებათ ისეთი საკითხების შესწავლა, როგორიცაა კომუნიკაცია, ბალანსი, მონაცემთა წყაროები, პროდუქტიულობა და სამუშაო ადგილები, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების გავლენა და ცენტრალური ბანკის მიდგომა ინფლაციისადმი. როგორც უორში ამბობს, უწყებაში რეფორმები სწორედ ამ სამუშაო ჯგუფების რეკომენდაციების საფუძველზე დაიწყება.

4. ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება
გამოსვლისას უორშმა ტერმინი „ფასების სტაბილურობა“ დაახლოებით თორმეტჯერ გამოიყენა. თავმჯდომარისგან, რომელიც ხშირად საუბრობდა განაკვეთების შემცირებაზე, ეს მოულოდნელად მკაცრი, ე.წ. „ქორისებრი“ რიტორიკა იყო. ბაზარმა ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და პოლიტიკის მიმართ მგრძნობიარე 2-წლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 14.4 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. როგორც უროში აცხადებს, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, FED-ის მთავარი ამოცანა ინფლაციის დამარცხება იქნება.

5. გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის
ახალი თავმჯდომარე კომუნიკაციის სტილის შეცვლასაც დაჰპირდა საზოგადოებას. პირველი თვალსაჩინო ცვლილება შეხვედრის შემდგომი განცხადების მკვეთრი შემოკლება აღმოჩნდა. თუ ადრე ეს განცხადებები 300 სიტყვაზე მეტს მოიცავდა და შაბლონური ფრაზებით იყო სავსე, ამჯერად ტექსტი მხოლოდ 130 სიტყვისგან შედგებოდა — მოკლე, კონკრეტული და ზედმეტი ორაზროვნების გარეშე.

საერთო ჯამში, უორშის პირობებში ინვესტორები FED-ის მხრიდან ნაკლებ ინფორმაციას და იშვიათ კომუნიკაციას ელიან, რაც ბაზარზე ვოლატილობას გაზრდის, თუმცა, წესით, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას ხელს შეუწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები