აშშ-ის ფედერალური რეზერვის ყოფილი თავმჯდომარე და გლობალურ ეკონომიკაზე უდიდესი გავლენის მქონე ეკონომისტი, ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადებით გამოწვეული გართულებები გახდა. მედიასთან გავრცელებულ განცხადებაში მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ გრინსპენმა ათწლეულების განმავლობაში, ორივე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტების ადმინისტრაციების პირობებში, ამერიკულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა.
ალან გრინსპენი აშშ-ის ფედერალურ რეზერვს 18 წლის განმავლობაში, ხუთი ვადით ხელმძღვანელობდა, რაც უწყების ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მაჩვენებელია. მისი მმართველობის პერიოდს ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეკონომიკური აღმავლობა უკავშირდება, რომელიც 1991 წლიდან 2001 წლამდე გრძელდებოდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მან უწყებას ისეთი კრიზისული პერიოდების დროს უხელმძღვანელა, როგორებიც 1987 წლის „შავი ორშაბათის“ საფონდო კრახი, doc-com-ის ბუშტის გასკდომა და 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომი პერიოდი იყო.
მიუხედავად აღიარებისა, გრინსპენის საქმიანობა კრიტიკის საგნადაც იქცა, რადგან ექსპერტთა ნაწილი მას ფინანსური სექტორის დერეგულირების ხელშეწყობასა და 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის პირობების შექმნაში ადანაშაულებს. 2011 წელს სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ კატასტროფის თავიდან აცილება ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან თვითრეგულირებაზე გადაჭარბებულმა ნდობამ შეაფერხა, რასაც ყოფილი თავმჯდომარე აქტიურად უჭერდა მხარს.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ კარიერასა და კავშირებს, გრინსპენმა თეთრ სახლთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1967 წლიდან, რიჩარდ ნიქსონის საარჩევნო კამპანიის პერიოდიდან დაიწყო. მოგვიანებით, ჯერალდ ფორდის პრეზიდენტობისას, ის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, სადაც პოლ ვოლკერის მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, ინფლაციის 11%-იდან 6.5%-მდე შემცირება უზრუნველყო.
უშუალოდ FED-ის თავმჯდომარედ ის 1987 წელს რონალდ რეიგანმა დანიშნა. მას მჭიდრო, თუმცა განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა შემდგომ ლიდერებთანაც - ბილ კლინტონის ფისკალურ დისციპლინას ის ყოველთვის მაღალ შეფასებას აძლევდა, ხოლო უფროს და უმცროს ბუშებს ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიუჯეტის კონტროლის არარსებობის გამო აკრიტიკებდა.




























