გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციის საბჭო (IFAB) განიხილავს ვიდეო ასისტენტ რეფერის უფლებების გაფართოებას. კონკრეტულად კი, საუბარია იმაზე, რომ ვიდეოასისტენტებს შეეძლებათ ჩაერიონ ეპიზოდებში, რომლებიც მეორე ყვითელ ბარათებს ან შეცდომით დანიშნულ კუთხურებს უკავშირდება.
გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს შეხვედრის მსვლელობისას დანიშნული პენალტის შესრულების წესიც. კერძოდ თუ მეკარე დარტყმას მოიგერიებს, შეტევა დასრულებულად ჩაითვლება და შემტევ გუნდს მეტად აღარ ექნება ბურთზე რეაგირების, ანუ დამატებაზე თამაშის უფლება.
გამკაცრდება შეცდომით დანიშნული კუთხურების გადამოწმებაც VAR-ზე, რომლის შემთხვევებიც მნიშვნელოვნად არის მომრავლებული ფეხბურთში.
როგორც მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის VAR-ის გამოყენება მხოლოდ პენალტის სიტუაციის გადასამოწმებლად და ასევე წითელი ბარათის საჩვენებელ მომენტებში ხდება, თუმცა ფიქრობენ, რომ საჭიროა ის ყვითელი ბარათების ეპიზოდებშიც აქტიურად იქნეს გამოყენებული.
IFAB-ის ხელმძღვანელობა ცდილობს უზრუნველყოს, რომ VAR-ის როლის გაფართოებამ თამაშში პაუზების რაოდენობა არსებითად არ გაზარდოს. თუ შესაბამისი ცვლილებები დამტკიცდება, ისინი ტესტირების გარეშე შევა ძალაში. თუმცა, პენალტების შესრულების შემდეგ დამატებაზე წასვლის გაუქმებასთან დაკავშირებით, IFAB-ი გრძელვადიან ექსპერიმენტებს გეგმავს, სანამ არსებული წესების ცვლილებაზე გადავა. წესების ცვლილების თაობაზე ყველა წინადადება ნოემბერში IFAB-ის სხდომაზე უნდა წარადგინონ, ხოლო ცვლილებებზე ხმის მიცემა მარტში გაიმართება.




























