საქართველოდან ფეხსაცმლის ექსპორტმა კვლავ ზრდა დაიწყო და გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში უცხოეთში გასაყიდად 572 560 აშშ დოლარის ფეხსაცმელი გავიტანეთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ ორ თვეშიც დაახლოებით იმავე რაოდენობის (1 მლნ აშშ დოლარი) იყო ფეხსაცმლის ექსპორტი, როგორც წელს; 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი უფრო მეტი - 1,2 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, გასულ წელს ჯამურად ქვეყნიდან 5,1 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი გავყიდეთ უცხოეთში, 2023 წელს კი ექსპორტმა 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეკორდული წელი იყო 2022 წელი იყო (9,1 მლნ აშშ დოლარი).
ქართული ფეხსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, სადაც გასულ წელს 2,2 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი გავიტანეთ, მეორე ადგილზე აზერბაიჯანია - 1,6 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე კი თურქეთი - 412 200 აშშ დოლარით. შედარებით მცირე რაოდენობით ფეხსაცმელი გაგვაქვს უკრაინაში, ტაილანდში, იაპონიასა და ყირგიზეთშიც.
წელს კი, პირველ ორ თვეში ფეხსაცმლის დიდი ნაწილი აზერბაიჯანში გავიდა - 603 350 აშშ დოლარის.
TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2024 წლის მიხედვით:
- სომხეთი - 2,2 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 1,6 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 412 200 აშშ დოლარი
- უკრაინა - 324 270 აშშ დოლარი
- ტაილანდი - 140 300 აშშ დოლარი
- იაპონია - 107 220 აშშ დოლარი
- ყირგიზეთი - 73 770 აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - 61 250 აშშ დოლარი
- იტალია - 30 110 აშშ დოლარი
- პორტუგალია - 18 920 აშშ დოლარი
ფეხსაცმლის იმპორტი ექსპორტის მონაცემებს 16-ჯერ აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 16,7 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი ვიყიდეთ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებას აჩვენებს, ვინაიდან გასულ წელს, პირველ ორ თვეში ფეხსაცმლის იმპორტმა 19,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებლებს, 2024 წელს რეკორდი დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში ჯამურად 131,1 მლნ აშშ დოლარის ფეხსაცმელი შემოვიტანეთ, 2023 წელს კი 116 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2022 წელს - 98 მლნ აშშ დოლარის.
ფეხსაცმელი ყველაზე დიდი რაოდენობით გასულ წელს ჩინეთიდან შემოვიტანეთ, მას მოჰყვება თურქეთი და იტალია.
TOP-10 საიმპორტო ქვეყანა 2024 წლის მიხედვით:
- ჩინეთი - 41,1 მლნ აშშ დოლარი
- თურქეთი - 30,7 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 15,7 მლნ აშშ დოლარი
- ესპანეთი - 8,5 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 6,8 მლნ აშშ როლარი
- ნიდერლანდები - 3,8 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 3,7 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი - 3,6 მლნ აშშ დოლარი
- დანია - 1,8 მლნ აშშ დოლარი
- რუმინეთი - 1,5 მლნ აშშ დოლარი


























