ეკოლოგიური ამერიკული ფეხსაცმელების წარმოებით ცნობილმა Allbirds-მა ბიზნესპროფილი შეიცვალა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადასვლა დააანონსა.
ამ გადაწყვეტილებას საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების 582%-იანი ზრდა მოჰყვა. კონკრეტიკისთვის, თუ სამშაბათს Allbirds-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $21 მილიონს შეადგენდა, ოთხშაბათს ეს მაჩვენებელი $148 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ახალი სტრატეგიის გათვალისწინებით, კომპანია სახელს შეიცვლის და ბაზარზე NewBird AI-ის სახელწოდებით წარდგება.
როგორც ირკვევა, კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო გამოთვლითი ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს. არსებული გეგმის თანახმად, NewBird AI მაღალი წარმადობის აპარატურის შესყიდვას და მათი გრძელვადიანი იჯარით გაცემას დაიწყებს, რითაც ბაზარზე არსებული დეფიციტის შევსებას შეეცდება. ამ მიზნით, კომპანია 2026 წლის მეორე კვარტალში $50 მილიონამდე ინვესტიციის მოზიდვას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის რადიკალური ტრანსფორმაცია კომპანიის ფინანსური კრიზისით არის განპირობებული. როგორც ცნობილია, 2022 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში Allbirds-ის გაყიდვები თითქმის 50%-ით შემცირდა და მხოლოდ $152 მილიონი შეადგინა. კრიზისის ფონზე, მიმდინარე წლის თებერვალში კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა საფირმო მაღაზია დახურა.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის ანალიტიკოსები ფეხსაცმელების მწარმოებლის მიერ გადადგმულ ნაბიჯს არაერთგვაროვნად აფასებენ. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს სვლა კრიპტოვალუტის ბუმის დროს არაერთი კომპანიის მიერ გადადგმულ ანალოგიურ მცდელობას ჰგავს, რაც, მეტწილად, ფირმების გაკოტრებით დასრულდა.
ცნობისთვის, Allbirds-ი 2015 წელს ტიმ ბრაუნმა და ჯოი ზვილინჯერმა დააფუძნეს. კომპანია, რომელიც თავის საუკეთესო პერიოდში $4 მილიარდად იყო შეფასებული, პოპულარული მერინოს მატყლისგან დამზადებული ფეხსაცმელებით გახდა.




























