ტექნოლოგიური ინდუსტრიის ამერიკულმა გიგანტმა, Anthropic-მა აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან უსაფრთხოების საკითხებზე გამოთქმული შეშფოთების გამო, გასულ კვირას გამოშვებული უახლესი ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოქმედება შეაჩერა.
არსებული ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ სტარტაპს Claude Fable 5-ის მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უბრძანა, მათ შორის, შტატების ფარგლებშიც. Anthropic-ში კი განაცხადეს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ, ეროვნული ნიშნის სისტემას ვერ გათიშავდნენ, ამიტომ უახლესი AI მოდელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებლისთვის შეზღუდეს. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილება შეეხო როგორც Claude Fable 5-ს, ისე Mythos 5-ს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უწყებებს კონკრეტული საფრთხეები არ დაუსახელებიათ, თუმცა, როგორც მედია წერს, AI ტექნოლოგიის სპეციალისტებმა Claude Fable 5-ის დამცავი ბარიერების გვერდის ავლის, ანუ ე.წ. „ჯეილბრეიკის“ მეთოდი აღმოაჩინეს, რაც თავის მხრივ, მოდელის ბოროტი მიზნებისთვის, მათ შორის სხვადასხვა კომპანიის დაჰაკვისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.
ცნობისთვის, Claude Fable 5 არის ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, Claude Mythos-ის ახალი ვერსია, რომელიც ბაზარზე OpenAI-ის ChatGPT-ისა და Google-ის Gemini-ს მთავარ მეტოქედ მიიჩნევა. მისი დახურული ტესტირება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ის მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს, ასევე თავად პენტაგონს გადაეცათ.




























