ყველის მწარმოებელი კომპანიის „ჩიზუკა“ დამფუძნებელი, ვიკა იობაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ მათ მიერ წარმოებული ფერადი ყველის პოპულარიზაცია და რეალიზაცია მათი წარმოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ფერადი ქერქის მქონე ყველს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში აწარმოებენ, რადგან მას განსხვავებული ტექნიკით წარმოება და შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება.
„ასეთი ყველის წარმოება ხომ რთულია, მაგრამ მისი პოპულარიზაცია და რეალიზაცია კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. ბუნებრივია, მომხმარებლისთვის ძალიან ძნელია ისეთ პროდუქტში ფულის გადახდა, რომელიც არ იცის. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მქონდეს მაღაზია, სადაც დეგუსტაციას შევძლებ, თუმცა ეს მხოლოდ სამომავლო პერსპექტივაა.
ქერქიან ყველს მხოლოდ ზაფხულის პერიოდში ვაწარმოებთ, რადგან ის განსხვავებული ტექნიკით, გაუდის ბაზარზე მზადდება და შვეიცარიული ტექნოლოგიით ვინახავთ. 1 კგ. ფერადი ყველის ღირებულება 50-60 ლარამდე მერყეობს“,-აცხადებს იობაძე.
მისივე ცნობით, გარდა ქერქიანი ყველისა, საწარმოში 20-ზე მეტი სახეობის ყველი იწარმოება. საწარმოში ამჟამად, 5 ადამიანია დასაქმებული.
„ჩიზუკა“ ყველის წარმოების საოჯახო ბიზნესის შვილობილი კომპანიაა, რომელიც წალკის რაიონის, სოფელ სანთაში ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე ახალგაზრდა მეწარმის პროდუქცია "ჩიზუკას" სახელით 1 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას საკუთარი ფერმა აქვს და ასევე, რძეს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. "ჩიზუკას" ყველი იყიდება ონლაინ და ასევე, რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის, "ფრესკოში".