მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფერმა სენაკში" გაფართოვდა და უიშვიათესი ფრინველის ჯიშები დაემატა

ფერმა სენაკში

სენაკში მდებარე მეფრინველეობის ფერმა „ფერმა სენაკში“ გაფართოვდა.

როგორც ფერმის დამფუძნებელმა, მურმან გვასალიამ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ფერმას 3 ახალი ვოლიერი დაემატა, რის შედეგადაც მეფრინველეობა ამჟამად 14 ვოლიერს აერთიანებს.

ფერმის გაფართოებასთან ერთად, მურმან გვასალიას თქმით, მეურნეობას 4 ახალი სახეობის ფრინველი დაემატა. მათ შორისაა ხოხბები, კანადური ინდაური, ასევე მეკვერცხული ჯიში, ქათმის როდ-აილენდი და სხვა იშვიათი ჯიშები.

ფერმის გაფართოება შესაძლებელი სენაკის მერიის მიერ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის ფარგლებში გახდა.

„დავამატეთ 3 ახალი ვოლიერი. ახლა დაახლოებით 14 გალია მაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კიდევ 4 ახალი სახეობით გაიზარდა ჩვენი ფერმა.

გალია დაფინანსებით გაკეთდა, ხოლო ფრინველების ჩამოყვანა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყავით. ჩამოვიყვანეთ უიშვიათესი ფრინველები, რომელიც საქართველოში თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ჰყავთ – მაგალითად, კანადური ინდაური და როდ-აილენდის ქათამი. ფრინველების 3 ახალი გალიის გაკეთება 5 ათასი ლარი დაგვიჯდა, ხოლო თითო კვერცხის ჩამოტანა – 10 დოლარი. ჯამში 100 კვერცხამდე ჩამოვიტანეთ“, – აღნიშნავს ფერმერი.

ფერმას კონტაქტური ზოოპარკის გახსნის გეგმაც აქვს, თუმცა გვასალიას თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ფრინველის ჭირის გავრცელების გამო პროცესი დროებით შეჩერებულია.

„როგორც კი ფრინველის ჭირის პერიოდი გადაივლის, ვფიქრობთ, რომ გარდა ჩვეულებრივი ვიზიტორებისა, ბავშვებსაც მივიღებთ კერძო თუ საჯარო სკოლებიდან. ზუსტი დრო ჯერ არ ვიცით, მაგრამ წლის განმავლობაში ვგეგმავთ კონტაქტური ზოოპარკის გახსნას“, – ამბობს გვასალია.

გაფართოების შედეგად, „ფერმა სენაკში“ ეტაპობრივად ცდილობს როგორც იშვიათი ფრინველის ჯიშების გაზრდას, ასევე ვიზიტორებისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები