საქართველოში კაკლოვანი კულტურების მოსავლის აღება დასრულდა. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ფერმერების უმეტესობამ წელს პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო.
მეთხილე ფერმერები სეზონზე 50 ათას ტონა თხილის მოსავალს ელოდნენ, თუმცა დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ეს მოცულობა დაახლოებით 40-42 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ წელს მოსავლიანობა შემცირდა, საკმაოდ მაღალია ფასი, რაც ამ კულტურის ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში თურქეთში თხილზე შექმნილი დეფიციტით არის განპირობებული. მაღალი ხარისხის გაუტეხავი თხილის ღირებულება დღეს ადგილობრივ ბაზარზე 10-13 ლარის ფარგლებშია, რაც გასულ წლებთან შედარებით გაორმაგებული მოცულობაა.
თხილზე მაღალია ფასი საექსპორტო ბაზრებზეც და 12-დან 14 ევრომდე მერყეობს, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 7-8,5 ევროს ფარგლებში იყო.
“ მიუხედავად მცირე რაოდენობისა, წელს თურქეთში მცირე მოსავლიანობის გამო, ძალიან მაღალია ხარისხიან თხილზე ფასი. ის ფერმერები, ვინც ჩაატარეს წამლობები და მიიღეს ხარისხიანი პროდუქცია, იღებენ ძალიან მაღალ ფასებს თხილზე, უპრეცედენტოდ მაღალს. ფასი გაუტეხელ თხილზე დაფიქსირდა 12–13 ლარი კილოგრამზე. ახლა შედარებით ცოტა დაიწია თხილის ღირებულებამ, თუმცა შარშანდელთან შედარებით მაინც ძალიან მაღალი ფასებია, რასაც ვერ ვიტყვი იმ თხილზე, რომელიც დაბალი ხარისხისაა.
რაც შეეხება მსოფლიო ბაზრის ტენდენციებს, თურქეთის მოსავლის რაოდენობის სიმცირემ გამოიწვია ფასის ძალიან მკვეთრი ზრდა სეზონის დასაწყისში. ახლა ფასმა საკმაოდ დაიწია, რადგან მსოფლიოში უმსხვილესი თხილის შემსყიდველი კომპანია „ფერერო“ არ შევიდა თურქეთის ბაზარზე და არ დააფიქსირა მოსალოდნელი მაღალი ფასები და ნელ-ნელა ბაზარი ქვემოთ ჩამოდის, თუმცა საქართველოში „ფერერო“ აგრძელებს პრემიუმ ხარისხის თხილის შესყიდვას ძალიან კარგ ფასში. ჩვენი ბაზრისთვის ეს ძალიან ხელსაყრელი პოზიციაა.
ასევე კარგი ტენდენციაა იმ კუთხით, რომ თურქეთის ბაზრის ტურბულენტურობამ გამოიწვია ევროპაში არსებული სხვა კლიენტების, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ თურქული და იტალიური თხილის შემსყიდველები, ფოკუსის გადმონაცვლება საქართველოზე და აზერბაიჯანზე. წელს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ შევიდეთ ისეთი ჯგუფების პორტფელში, რომლებთანაც ადრე ძალიან ძნელი იყო პოზიციონირება. ამ კუთხით საკმაოდ პოზიტიური სეზონი გვაქვს.
საქართველო წელს ძალიან მაღალ ფასებში გაყიდის თავის პროდუქციას. ალბათ, მომავალ წელსაც ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნდება და არ იქნება დაბალი ფასები. შესაბამისად, სასიხარულოა ის, რომ ფერმერები, რომლებმაც კარგად მოუარეს თავიანთ ბაღებს და მიიღეს ხარისხიანი თხილი, იღებენ უპრეცედენტოდ მაღალ შემოსავალს”,-აცხადებს bm.ge-სთან თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა.
ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების ექსპორტი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. წელს 9 თვეში უკვე ექსპორტირებულია $84,4 მლნ დოლარის ღირებულების 10 ათას 849 ტონა საქონელი.
თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი: ( 2022-2025 წწ. იანვარ-სექტემბერი):
- 2021 წელი - $70 მლნ, 14 048 ტონა
- 2022 წელი - $59,9 მლნ, 13 043 ტონა
- 2023 წელი - $52,3 მლნ, 11 144 ტონა
- 2024 წელი - $56,1 მლნ, 8 806 ტონა
- 2025 წელი - $84,4 მლნ, 10 849 ტონა
მთლიან ექსპორტში ჯერ კიდევ მცირეა ნუშის წილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი ღირებულებიდან გამომდინარე იზრდება, რამაც წელს - $1,6 მლნ დოლარი შეადგინა.
კანიანი/კანგაცლილი ნუშის ექსპორტი, 2024-2025 იანვარ-სექტემბერი:
- 2024 წელი - $679 ათასი, 260 ტონა
- 2025 წელი - $1,6 მლნ, 257 ტონა
რაც შეეხება საექსპორტო გეოგრაფიას, წლევანდელი მონაცემებით [იანვარ-სექტემბერი], ქართული თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების მთავარი გასაღების ბაზრები იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და თურქეთი არიან.
თხილისა და სხვა კაკლის მთავარი საექსპორტო ბაზრები:
- იტალია - $15,9 მლნ, 2 225 ტონა
- ესპანეთი - $12 მლნ, 1 369 ტონა
- გერმანია - $6,4 მლნ, 728 ტონა
- საფრანგეთი - $5,9 მლნ, 690 ტონა
- თურქეთი - $3,4 მლნ, 472 ტონაა




























