კომპანია Soplidan.ge უკვე 8 წელია ადგილობრივ ქართულ პროდუქტებს ყიდის. ის პროდუქტს ფერმერებისგან იბარებს. კომპანიის რეგისტრირებული მომხმარებლის რაოდენობა უკვე 12 ათას აჭარბებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია და 1-ელი ოქტომბრიდან soplidan.ge-ს პროდუქცია მხოლოდ veli.store-ზე არის ხელმისაწვდომი. კომპანიის განვითარების გეგმებსა და გამოწვევებზე ქალების ნარატივში“ soplidan.ge-ს დამფუძნებელმა, ნათია ნინიკელაშვილმა ისაუბრა.
„ფერმერების ქცევა შეიცვალა. ფიქრობენ გრძელვადიანი პერსპექტივით და ცდილობენ მუდმივი მომხმარებლის შენარჩუნებას. ფერმერებთან მუშაობა რთულია, დღესაც რთულია, თუმცა 8 წლის წინ კიდევ უფრო რთული იყო, რადგან მუდმივობის შენარჩუნება კიდევ უფრო გვიჭირდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ფერმერებიც ჩვენთან ერთად გაიზარდნენ“, - აღნიშნავს ნათია ნინიკელაშვილი.
soplidan.ge არის ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის და ასობით ფერმერს ეხმარება პროდუქტის რეალიზაციაში. პლატფორმა ფერმერებს აგრეთვე ეხმარება მიიღონ სწორი ინფორმაცია წარმოების შესახებ, პროდუქციის გაჯანსაღებისთვის და აცნობს მათ საერთაშორისო სტანდარტებს.
„თავიდან კარდაკარ დავდიოდით ამ ფერმერების მოსაძებნად, მათ დასარწმუნებლად და ძალიან მიხარია, რომ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა“, - აღნიშნავს ნათია ნინიკელაშვილი.
მისივე თქმით, ამ წლების განმავლობაში მომხმარებლის ქცევაც შეიცვალა და ამაში პანდემიამაც დიდი როლი შეასრულა.