მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფერმერებს საზამთროს რეალიზაცია უჭირთ - "ისინი ხარისხის ზრდაზე უნდა კონცენტრირდნენ"

64b276dd2b78e
მარიამ იზორია
15.07.23 15:54
2175

ფერმერთა ნაწილი გასული წლის მსგავსად, წელსაც საზამთროს მოსავლის კლებაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ხშირმა ნალექმა მოსავალი დააზიანა. როგორც ისინი ამბობენ, პროდუქტის სიმცირის მიუხედავად, რეალიზაცია გასული წლის მსგავსად მაინც უჭირთ.

საზამთროს მწარმოებლები კონკურენციას ვერ უწევენ იმპორტირებულ, დაბალფასიან პროდუქტს.

ინფორმაციისთვის: 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანაში საზამთროს იმპორტის ღირებულება 90.7%-ით 849.7 ათას დოლარამდე, მოცულობა კი 0.6%-ით 2 811 ტონამდეა გაზრდილი. წინა წლის მსგავსად, 2023 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში საქართველოში საზამთროს იმპორტი სამი ქვეყნიდან ირანიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან ხორციელდება.

სოფლის მეურნოების მინისტრის ყოფილი მოადგილე და სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი გოჩა ცოფურაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირველადი მოხმარების პროდუქტი იმპორტთან შეჯახებას განიცდის. მიზნამიმართული მუშაობით, თვითღირებულების შემცირებით და ხარისხის ზრდით ფერმერები იმპორტირებულთან კონკურენციაში შესვლას შეძლებენ.

მისივე აზრით, ის პრობლემები, რომლებსაც ფერმერები საზამთროს წარმოების პროცესში ყოველწლიურად აწყდებიან, ფერმერებისა და სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობით გადაიჭრება.

„ამ პროცესში ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ყველამ იცის, რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე გადაცდომა, გაურკვეველია წარმოების ტექნოლოგია. ჩვენ მომხმარებელმა უნდა ვიცოდეთ რომელი თესლით, რომელი ტექნოლოგიით, რა პირობებში არის მოყვანილი პროდუქტი, რათა ნდობა იყოს მაღალი. ეს პროცესი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს, რადგან იყოს ნდობა, ამან კი თვითღირებულებაზე იმოქმედოს.

რადგან იმპორტი მუდმივად იზრდება, ფერმერი უნდა კონცენტრირდეს ხარისხის ზრდაზე და თვითღირებულების შემცირებაზე“, - ამბობს გოჩა ცოფურაშვილი.

„ჯიდიბი აგროს“ დამფუძნებელი, რომელიც განსხვავებული ჯიშის საზამთროს და ნესვს აწარმოებს, თვლის, რომ ფერმერმა მეტი სიზუსტით უნდა დაგეგმოს წარმოების პროცესი. ივა ჭყონიას თქმით, ფერმერმა წინასწარ უნდა გათვალოს მოსავლის მოყვანის პერიოდი, მოცულობა და ქსელთან მოლაპარაკება აწარმოოს.

„კომპანია „ჯიდიბი აგროს“ აქვს გლობალ გეპის სერთიფიკატი, რომლის საშუალებითაც კომპანიას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში პროდუქტის გაყიდვა შეუძლია. ჩვენ სანამ პროდუქტის მოყვანას დავიწყებთ მოლაპარაკებას ქსელურ სუპერმარკეტთან ვაწარმოებთ.

ფემერმა უპირველესად უნდა გათვალოს და იცოდეს, რა პერიოდში ექნება მოსავალი, რა რაოდენობა ექნება - ამის შემდეგ კი მან აწარმოოს მოლაპარაკება ქსელებთან, რა თქმა უნდა, უზრუნველყოს სწორად შენახვა, სწორად შეფუთვა და სწორად მიწოდება, ასევე უწყვეტი ჯაჭვი, რა პერიოდზეც მას ხელშეკრულება ექნება გაფორმებული“, - ამბობს ივა ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები