მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფერმერის მოტივირება უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე მისთვის ფინანსური რესურსის მიწოდება" - მერაბ ჭითანავა

მეთხილეობა

თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის მოსავლის ხარისხზე, ფერმერის მოტივაციასა და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამებზე "ანალიტიკას" ეთერში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განვითარებული ინდუსტრია და მაღალხარისხიანი ქარხნები, რაც ნებისმიერი ტიპის პროდუქციის წარმოების, ექსპორტისა და საერთაშორისო სერტიფიცირების საშუალებას გვაძლევს, ფერმერების ჩართულობის გარეშე ეს მხოლოდ ზედაპირული ფაქტორებია.

როდესაც საქართველოში თხილის მოსავალი 40-45 ათას ტონას არ აღემატება, ქარხნებსა და მცირე საწარმოებს შორის კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ მარჟა თითქმის არ რჩებათ. შედეგად, ექსპორტიორებს წლების განმავლობაში ეკონომიკურად გაუმართლებელი მოდელით უწევთ მუშაობა. 50-55 ათასი ტონა მოსავლის პირობებში კი ვაჭრობა თავისუფალია, ტვირთბრუნვა - სტაბილური, ხოლო მოგება - მაღალი, როგორც ექსპორტიორისთვის, ისე ფერმერისთვის.

წლევანდელი წელი ფერმერებისთვისაც და ქარხნებისთვისაც ძალიან ხელსაყრელია. სავარაუდოდ, თუ მოსავლის ხარისხი და რაოდენობა გაიზრდება, მომავალ წელსაც ანალოგიური სურათი გვექნება. წელს დაფიქსირდა პრეცედენტები, როდესაც ფერმერმა გაუტეხავი თხილი 12-13 ლარად გაყიდა, რაც შარშანდელ 5-7 ლართან შედარებით ძალიან მაღალი ფასია. თუმცა, ამავე დროს, გურიასა და სამეგრელოში დაბალი ხარისხის თხილი 2-3 ლარადაც იყიდებოდა. შესაბამისად, სხვაობა დიდია რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით მეტია ფასი", - აღნიშნა მან.

მერაბ ჭითანავამ სექტორის დაფინანსების წყაროების სიმცირეზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გარდა იმისა, რომ არაეფექტურობის გამო შეწყდა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამა, ქვეყანას არც აქტიური დონორები ჰყავს. მიუხედავად ამისა, ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, პრობლემა დაფინანსების სიმწირეზე მეტად, თავად ფერმერის მოტივაციაა.

"თხილის მწარმოებელთა ასოციაციის შუამდგომლობით 2022 წელს პირველად გაჩნდა უპრეცედენტო ფაქტი, რომ სამინისტრომ დაიწყო სექტორის სუბსიდირება. გავაგრძელეთ ეს ერთობლივად 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ისეთი შედეგი, რა მოლოდინიც გვქონდა, რეალურად არ დადგა. ვერ ვიტყვი, რომ ფერმერებმა 100%-ით მიზნობრივად აითვისეს ეს თანხები. ამ წლების განმავლობაში ფერმერებს მივეცით შესაწამლი პრეპარატები, გავხსენით სოფლებში მაღაზიები აგროქიმიკატების, რისი ნაკლებობაც იყო დასავლეთ საქართველოში, ასევე ჩავატარეთ ტრენინგები, 35 000 ფერმერთან ვიმუშავეთ. ზედიზედ სამი წელი ფერმერებს ცოდნა, ტექნიკური საშუალება და ფინანსური რესურსიც კი მივაწოდეთ, თუმცა ამან განსაკუთრებული შედეგი არ მოგვცა. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გადაფოკუსირება და სხვა, უფრო ეფექტური მეთოდის მოძიება არის საჭირო.

2014-15 წლებში არგენტინული ასოციაციის ძალიან საინტერესო მოდელი დავნერგეთ საქართველოში. ეს არის მეთოდი, რომლის ფარგლებშიც გვაქვს პრაქტიკა, რომ 35 000 ოჯახთან მივიტანეთ ხმა და ჩავუტარეთ ტრენინგები 2018-19 წლებში. შესაბამისად ეს მექანიზმი არსებობს, თუმცა ამას სჭირდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დაფინანსების. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ფერმერს თუ ფულს, განათლებას მივცემდით და მივაწვდიდით შესაბამის შესაწამლ აპარატს, ის თავის სამუშაოს საკუთარ ბაღში ჩაატარებდა. მაგრამ ეს არ არის რეალური მოცემულობა. ამავე დროს ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც არა გრანტებით და ნაჩუქარი ფულით, არამედ საკრედიტო ორგანიზაციების მეშვეობით სოფლებში ვაწყობდით გასვლით შეხვედრებს, ფერმერები ალბათ 10-ჯერ მეტ აგროქიმიკატს ყიდულობდნენ, თუმცა კრედიტით იღებდნენ და იხდიდნენ ამ კრედიტს 100%-ით. ეს ყველაფერი ჯამში გვაძლევს გამოცდილებას, რომ იმდენად ფინანსურ დახმარებაზე არ არის საუბარი, რამდენადაც განათლებაზე, კომუნიკაციაზე, ცნობიერების ამაღლებაზე. ფერმერის მოტივირება არის უფრო დიდი გამოწვევა, ვიდრე მისთვის ფინანსური რესურსის მიწოდება", - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

ცნობისთვის, 2026 წლიდან "თხილის სუბსიდირების პროგრამა", რომლის მიზანი საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა იყო, უქმდება: ₾31-მილიარდიან ბიუჯეტში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის ფული გათვალისწინებული არაა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ის თავიდანვე ერთწლიან დახმარებად იყო ჩაფიქრებული და სახელმწიფომ, საჭიროებიდან გამომდინარე, სამი წელი გააგრძელა. მინისტრის პირველმა მოადგილემ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ თხილის წარმოება მოგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა საკუთარ მოსავალზე ზრუნვა თავად უნდა შეძლონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები