საქართველოში ფეროშენადნობების დარგში შექმნილი კრიზისის ფონზე მწარმოებლების ნაწილმა ახალი ტიპის ფეროშენადნობის წარმოება დაიწყო. დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეროქრომის ბაზარზე ქართული კომპანიების სახით ახალი მოთამაშეები გაჩნდნენ. ნუგზარ კევლიშვილის თქმით, ამ ტიპის ფეროშენადნობის წარმოება მათთვის ფინანსურად უფრო მოგებიანია, თუმცა ახალ საწარმოო პროცესზე გადასვლა დიდ ინვესტიციას მოითხოვს.
„ორმა კომპანიამ დაიწყო გარკვეული მოცულობების გამოშვება. "ფერო ქრომი" - ასეთი ფეროშენადნობი არსებობს, რომლის გარკვეული მოცულობის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე უკვე განხორციელდა. ალბათ გარკვეულ მოცულობებზე გავა ეს ორი კომპანია, სამიზნე ჯგუფი ევროპაა და იმედი მაქვს, უახლოეს თვეებში განხორციელდება საკმაო მოცულობის ექსპორტი, ორი საწარმო ამუშავდება დიდი დატვირთვით და ახალი მოთამაშე გაჩნდება ფეროქრომის ბაზარზე ქართული კომპანიების სახით.
ამ ეტაპზე ცალსახად ფეროსლიკუმ მანგანუმზე მეტად "ფერო ქრომის" წარმოებაა [ფინანსურად მოგებიანი]. თუ ფერო ქრომი საშუალოდ 2000 დოლარი ღირს, თვითღირებულებაც მაღალი აქვს, რადგან ფერო ქრომის კონცენტრატი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მანგანუმის კონცენტრატი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით წაუგებლად მუშაობა შესაძლებელია“,- აცხადებს ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საერთაშორისო ბაზარზე ფასის ვარდნის გამო ფეროშენადნობების დარგი კრიზისშია. გასულ წელს ექსპორტი 60%-ით, 180,6 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ფეროშენადნობების ექსპორტში წლის დასაწყისშიც კლება ნარჩუნდება, თუმცა ბაზარზე მცირედი გამოცოცხლებაა. 2024 წლის 2 თვეში საექსპორტო ბაზრებზე საქართველოდან 42 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა, წლიურ ჭრილში კლება 41%-ია. იანვარში ექსპორტმა 19.4 მლნ დოლარი შეადგინა, თებერვალში კი, 22.67 მლნ დოლარი იყო. ჯამში 2 თვეში ექსპორტზე 42 ათას 310 ტონა ფეროშენდნობები გავიდა. საშუალო ფასი კი, 980-1000 დოლარის დიაპაზონში იყო.