კალიფორნიაში, მონტერეის ავტოკვირეულის ფარგლებში გამართულ RM Sotheby’s-ის საქველმოქმედო აუქციონზე Ferrari-ს პირველი, სრულად ელექტრო მოდელი Luce რეკორდულ ფასად, 40 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ეს ახალი ავტომობილისთვის აუქციონზე გადახდილი ყველაზე მაღალი თანხაა, რამაც მნიშვნელოვნად გადააჭარბა წინასწარ პროგნოზირებულ 1.1 მილიონ დოლარს და გააუმჯობესა 2025 წელს Ferrari Daytona SP3-ის მიერ დამყარებული 26-მილიონიანი რეკორდი.
აუქციონზე გატანილი ექსკლუზიური ეგზემპლარი, მაისში წარდგენილი მოდელის სპეციალურად კოლექციონერებისთვის შექმნილი უნიკალური ვერსიაა. მიუხედავად იმისა, რომ LoveFrom-ის დიზაინით შექმნილმა პირველმა ელექტრომობილმა თავდაპირველად საზოგადოების კრიტიკა და კომპანიის აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია, გაყიდვების კარგი პროგნოზისა და შემოსავლების ზრდის ფონზე, Ferrari-ს აქციები პრეზენტაციის შემდეგ 27%-ით გაძვირდა.
ახალი მოდელი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, ჯამში 1 050 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2.5 წამში ავითარებს, მისი 122 კვტ/სთ მოცულობის ელემენტი კი 530 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვის საშუალებას იძლევა.
ცნობილია, რომ აუქციონზე გაყიდვიდან მიღებული სრული თანხა Ferrari-ს ფონდის საგანმანათლებლო ინიციატივების დასაფინანსებლად გადაირიცხება.




























