Ferrari-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ თავის 5,000-ზე მეტ თანამშრომელს, როგორც იტალიაში, ასევე სხვა ქვეყნებში, საჩუქრად კომპანიის აქციები გადასცეს.
კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, Ferrari ერთჯერადად გეგმავს აქციების გაცემას ყველა თანამშრომელზე, რომლებიც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ერთჯერადი გრანტის მოცულობა მაქსიმუმ 2,240 დოლარს შეადგენს, რაც კომპანიის 6 აქციის ეკვივალენტია და მას ყველაზე დიდი სტაჟის მქონე თანამშრომლები მიიღებენ.
Ferrari ასევე გეგმავს წამახალისებელი ბონუსის გაცემას იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მინიმუმ 36 თვე არ გაყიდიან თავიანთ აქციებს. ამ პერიოდის შემდეგ კომპანია მათ აქტივებს დამატებით 15%-ით გაზრდის.
Ferrari-ს აქციების ღირებულება, 2015 წლის IPO-ს შემდეგ, სწრაფად იზრდება. პირველადი შეთავაზების დროს, კომპანიის საბაზრო შეფასება $9.5 მილიარდი იყო, ხოლო ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაცია 86 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც 800%-იან ზრდას წარმოადგენს და Ferrari-ს რიგით მეოთხე უმსხვილეს ავტომწარმოებლად აქცევს.
Ferrari-ს მიზანია ამ პროგრამით კოლექტიური პასუხისმგებლობის ხელშეწყობა და კომპანიის განვითარების პროცესში თანამშრომლების ჩართულობის გაზრდა, რადგან ისინი Ferrari-ს აქციონერები იქნებიან, ანუ კომპანიის ფინანსური წარმატებით თანამშრომლები პირდაპირ იხეირებენ.