80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ყალყზე შემდგარი ულაყის სიმბოლოს ქვეშ გაერთიანებულმა იტალიურმა საჯინიბომ ახალი ჰიპერქარი - Ferrari F80 შექმნა, რომელმაც მარანელოს ფლაგმანობის ტვირთი გადაიბარა. ახალი F80 ჰიპერქარების ელიტარულ კლუბს, ე.წ. დიდებულ სამეულს ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი წევრი ახალი McLaren W1-ია, ხოლო Porsche-ს ფლაგმანის სახელწოდება ჯერაც უცნობია.
უშუალოდ F80-ს რაც შეეხება, ის 288 GTO-ს, F40-ის, F50-ის, Enzo-ს და LaFerrari-ს შთამომავალია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სწორედ F80 იქნება Ferrari-ს სავიზიტო ბარათი, რაც გასაოცარ პრივილეგიასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ასოცირდება.
F80-სთვის პასუხისმგებლობის საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან მისი საავტომობილო ღირსება არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ეს წინამორბედების შემთხვევაში იყო. ცხადია, ავტომობილის სულსა და გულზე - შიდა წვის ძრავაზე ვსაუბრობთ, რომელიც LaFerrari-ს, Enzo-სა თუ F50-ის შემთხვევაში 12-ცილინდრიანი იყო; ხოლო 288 GTO-სა და F40-ს 8-ცილინდრიანი აგრეგატები ჰქონდათ. სამწუხაროდ, ახალ F80-ს ორჯერ ნაკლები ცილინდრი აქვს, ვიდრე მის წინამორბედს, რაც ავტომოყვარულებს და ტიფოზებს სევდის მეტს არაფერს ჰგვრით, რადგან V12-ის სიმფონიასთან V6-ის ხმაურის შედარება უბრალოდ აზრს მოკლებულია.
სწორედ ეს ტურბირებული 3-ლიტრიანი V6-ია ახალი F80-ის მთავარი ნაკლი, რომლის დამალვა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან $4-მილიონიანი ჰიპერქარისგან მომხმარებელი რაღაც განსაკუთრებულს და დრამატულს მოელის, V6 კი ამ ეპითეტებისგან საკმაოდ შორს არის.
ემოციური სტერილურობის მიუხედავად, Ferrari-ს ახალი ავტომობილი ჭეშმარიტი ჰიპერქარია, რომელიც ჰიბრიდული სისტემის დახმარებით 1,200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე სიჩქარეს სულ რაღაც 2.1 წამში ავითარებს. შესაძლოა, ეს აგრეგატი ჟღერადობითა და დრამატულობით არ გამოირჩეოდეს, თუმცა ის თავის შესაძლებლობებს სარბოლო ტრასებზე ამტკიცებს, რადგან ამ არსენალით Ferrari 499P-იმ Le-Mans-ის რბოლაში ორჯერ მოახერხა გამარჯვება. სწორედ ზემოხსენებული 499P-ია F80-ის შთაგონების წყარო, რაც ურიგო პარალელი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით თუ ამ ბოლიდის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ. თუ Ferrari-ს ინჟინრებს დავუჯერებთ, ახალი V6 გაცილებით მსუბუქი, ენერგოეფექტური და მოქნილია, ვიდრე V12, რაც ნამდვილად ლოგიკური არგუმენტია, თუმცა $4-მილიონიან ავტომობილს ლოგიკურად ვინ ყიდულობს?!
F80-ს წინამორბედებისგან კიდევ ერთი თვისება გამოარჩევს - ის ოთხივეწამყვანია (4WD), რაც Ferrari-ს ჰიპერქარისთვის სიახლეა, რადგან 288 GTO-თი დაწყებული, LaFerrari-ით დამთავრებული - ყოველი იტალიური ჰიპერქარი ყოველთვის უკანაწამყვანი იყო. ამ შემთხვევაში, ტრადიციული რეცეპტის გადახედვას მარანელოში 1,200HP-იანი სიმძლავრით ხსნიან, რომლის ასათვისებლად მხოლოდ ორი საბურავი საკმარისი არ არის. ცხადია, F80-ის ძირითადი სიმძლავრე უკანა თვლებზეა კონცენტრირებული, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ელექტრონული მოტორების დახმარებით, საქმეში წინა საბურავებიც ერთვებიან, რაც F80-ის პირდაპირ კონკურენტთან, McLaren W1-თან შედარებით ტექნიკურ უპირატესობას წარმოადგენს.
აეროდინამიკური ხელსაწყოების, ფრთების, ჰაერის შემშვებებისა და დიფუზორების დახმარებით, ჰაერის ზეწოლა 1 ტონას აღწევს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ სწრაფ მოსახვევში F80 ისევე შევა, როგორც F1-ის ბოლიდი. როგორც იტალიელები ამბობენ, F80-ის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს აღწევს და ამ ლიმიტზე მის გამოცდას სულ 799 მფლობელი შეძლებს, რადგან Ferrari სწორედ ამდენი ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს. ცხადია, F80-ის ყველა ეგზემპლარი წინასწარ გაყიდულია და მისი შეძენის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებმა მიიღეს, რომლებიც მარანელოში ღირსეულად მიიჩნიეს.
ავტომობილის დიზაინს რაც შეეხება, პროპორციებითა და სილუეტით ის F40-ის თანამედროვე ინკარნაციად შეიძლება ჩაითვალოს, თავად F40 კი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად ითვლება. F80-ის წინა ნაწილსა და 12Cilindri-ს „ვაიზორს“ შორის პარალელების დამალვა უბრალოდ შეუძლებელია, თავად ეს სტილი კი, მოგეხსენებათ, 365 GTB/4 Daytona-თია შთაგონებული. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, F80-ის დიზაინი არ არის უნიკალური და ის ზედმეტად რეტრო სტილშია გადაწყვეტილი, განსხვავებით Enzo-სა თუ LaFerrari-სგან, რომელთაც სილამაზესა და უნიკალურობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ.
საერთო ჯამში, F80 კომპრომისულ ჰიპერქარად შეიძლება ჩაითვალოს, რაც Ferrari-ს მხრიდან გასაკვირია, რადგან F80 ვერც გარეგნულად აღაფრთოვანებს საზოგადოებას და ვერც მისი ძრავაა ისეთი შთამბეჭდავი, როგორიც ეს LaFerrari-ს V12-ს შემთხვევაში იყო.