მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, TRIONDA წარადგინა.TRIONDA ესპანური სიტყვაა და ქართულად, როგორც “სამი ტალღა” - ასე ითარგმნება. ბურთის დიზაინი იმ სამი ქვეყნის ერთგვარი შერწყმაა, რომლებმაც მუნდიალს უნდა უმასპინძლონ, ანუ: აშშ, კანადა და მექსიკა.
“ადიდასის” ბურთის ოფიციალური პრეზენტაცია ნიუ იორკში, მუნდიალის დაწყებამდე 8 თვით ადრე გაიმართა.
“ძალიან ლამაზია, არა? - სიხარულითა და სიამაყით წარმოგიდგენთ TRIONDA-ს. “ადიდასმა” მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კიდევ ერთი ლეგენდარული ბურთი შექმნა, რომლის დიზაინი მუნდიალის მასპინძლების, კანადის, მექსიკისა და აშშ-ის ფენომენების გამოხატულებაა. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ეს ლამაზი ბურთი კარის ბადეს შეარხევს. ათვლა ოფიციალურად დაიწყო” - განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
TRIONDA აღჭურვილია 500-ჰერციანი მოძრაობის სენსორით, რომელიც ბურთს მოძრაობას აკვირდება. ეს ტექნოლოგია ვიდეოასისტენტებს ზუსტ ინფორმაციას რეალურ დროში უგზავნის, რაც მსაჯებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებაში ეხმარება, მათ შორის საუბარია თამაშგარეებზეც. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ TRIONDA ჰაერში ოპტიმალური სტაბილურობით გამოირჩევა და სველ მინდორზეც მაქსიმალურად ინარჩუნებს მახასიათებლებს.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.




























