მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIFA მსოფლიო ჩემპიონატის 2026 წლის ბილეთებზე დინამიკურ ფასებს გამოიყენებს

ბილეთების ფასები მსოფლიო ჩემპიონატი 2026

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ანუ FIFA-მ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასები ჯგუფური ეტაპის ყველაზე იაფი ადგილებისთვის 60 დოლარიდან დაიწყება და ფინალის ყველაზე ძვირ ბილეთებისთვის 6,730 დოლარამდე ავა, თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა შეიცვალოს, როგორც კი გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება.

FIFA-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ორგანიზატორები ბილეთებისთვის "ცვალებად ფასებს“, იგივე დინამიკურ ფასებს გამოიყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ფასები შეიძლება შეიცვალოს როგორც 5 დეკემბრის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამდე, ისე მის შემდეგ, როცა ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, თარიღები და ადგილები საბოლოოდ გახდება ცნობილი.

“ფასებს მოვარგებთ იმ მოთხოვნას, რასაც დავინახავთ და იმ დარჩენილ ბილეთების რაოდენობას, რაც იქნება ხელმისაწვდომი“ – აღნიშნა FIFA-ს წარმომადგენელმა.

პირველი ეტაპი, რომელიც ლატარიის სისტემით წარიმართება, 10 სექტემბერს გაიხსნება. გულშემატკივრები შეიტანენ განაცხადს ბილეთების შეძენის შანსისთვის (Visa ბარათის გამოყენებით). თუ შემთხვევით შეირჩევიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა კონკრეტულ დროს შეიძინონ მაქსიმუმ 40 ბილეთი - თითო შეხვედრაზე 4, სულ 10 მატჩისთვის.
მსგავსი მეორე ეტაპი ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება, სადაც Visa-ს გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება.

FIFA-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყველა საწყისი ფასი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ბილეთები დაიყოფა ოთხ კატეგორიად — პირველი კატეგორია იქნება ყველაზე ძვირი, ხოლო მეოთხე ყველაზე იაფი. თუმცა კონკრეტული ფასები პირველი სამი კატეგორიის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის ჯერ არ განისაზღვრა.

ასევე, არ განუსაზღვრავთ რამდენი 60 დოლარიანი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი და რა პროცენტი მიეკუთვნება „მეოთხე კატეგორიის“ ადგილებს სტადიონებზე.

ფინალის მაქსიმალური 6,730 დოლარიანი ფასი ჩვეულებრივ ბილეთს ეხება და არა VIP ბილეთს, რომლებიც უკვე იყიდება და მთელი ტურნირის მასშტაბით 3,500-დან 73,200 დოლარამდე მერყეობს.

შედარებისთვის: 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის პირველ კატეგორიაში ბილეთის ფასი 1,605 დოლარი იყო, მეორეში - $1,002, მესამეში - $604.

FIFA-ს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ “60 დოლარიანი საწყისი ფასი“ გარანტირებულია, თუმცა დინამიკური ფასების გამოყენება პირველი დღიდან დაიწყება. შესაბამისად, ფასები შეიძლება როგორც გაიზარდოს, ისე შემცირდეს წინასწარი გაყიდვების პერიოდში, რომელიც 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

დინამიკური ფასები ყოველთვის არ ნიშნავს მხოლოდ გაძვირებას. მაგალითად, 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA-მ თავდაპირველად ზედმეტად მაღალი ფასები დააწესა, რის შემდეგაც მოთხოვნის ნაკლებობის გამო ბილეთები მკვეთრად გაიაფდა.

თუმცა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 16 ქალაქში, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და 104 მატჩს მოიცავს, ორგანიზაცია გაცილებით მაღალი მოთხოვნას ელოდება, რაც ფასების ზრდასაც გამოიწვევს.

FIFA-ს მიზანია, ბილეთებისა და სამასპინძლო მომსახურების გაყიდვებიდან $3 მილიარდზე მეტი მიიღოს და 1994 წლის აშშ-ის ტურნირის მიერ დამყარებული დასწრებადობის რეკორდი დაამხოს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საკუთარ პლატფორმასაც შექმნის ბილეთების გადაყიდვისთვის. აშშ-სა და კანადაში ბილეთების გადაყიდვაზე შეზღუდვები არ იქნება, ხოლო მექსიკაში, სადაც კანონები მკაცრია, ბილეთები მხოლოდ ნომინალურ ფასად გაიყიდება.

ორგანიზაციის შეფასებით, მხოლოდ პირველი ეტაპის ლატარიაში (Visa ბარათით) დაახლოებით 1 მილიონი ბილეთი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მთლიანად ტურნირისთვის — 6 მილიონი. აღსანიშნავია, რომ უკვე 8.5 მილიონმა ადამიანმა გამოთქვა ინტერესი ბილეთების მიმართ.

ტურნირი 11 ივნისს მეხიკოში გაიხსნება და 19 ივლისს ნიუ-ჯერსის „MetLife Stadium“-ზე ფინალით დასრულდება.

დინამიკური ფასების დადებითი და უარყოფითი მხარეებს რაც შეეხება, ორგანიზატორებისთვის მთავარი სარგებელი არის შემოსავლის მაქსიმიზაცია. ფასის გაზრდა შეიძლება მაღალი მოთხოვნისას, ხოლო მოთხოვნის ნაკლებობისას შემცირება.

მთავარი მინუსი კი ის არის, რომ საშუალო შემოსავლის მქონე გულშემატკივრებს შეიძლება ბილეთებზე წვდომა გაუჭირდეთ.

მეორე მხრივ, ფიქსირებული დაბალი ფასები ბილეთების გადამყიდველებს აძლევს შესაძლებლობას, ბილეთები შეიძინონ და ძვირად გაყიდონ, რაც საბოლოოდ იგივე შედეგს იძლევა - ბილეთები მაინც ძვირდება, უბრალოდ შემოსავალი FIFA-ს ნაცვლად გადამყიდველებს რჩებათ.

FIFA კი ამტკიცებს, რომ ეს ფული ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარდეს და რადგან მსოფლიო ჩემპიონატს თავად მართავს, მისი არგუმენტი საბოლოოდ სძლევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები