მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIFA-ს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბილეთების ფასები პირველივე ეტაპზე გაიზარდა

მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთები

FIFA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასები გაზარდა უკვე პირველივე გაყიდვების დღეს, რადგან მოთხოვნა რეკორდულ ფასებზეც კი უკიდურესად მაღალი აღმოჩნდა.

გასულ თვეში FIFA-მ დაადასტურა, რომ ჩემპიონატისთვის გამოყენებული იქნება ე.წ. “ცვალებადი ფასების მოდელი“ - ანუ ბილეთის ღირებულება მოთხოვნისა და დარჩენილი ადგილების რაოდენობის მიხედვით შეიცვლება.

თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფასების კორექტირება ძირითადად მოხდებოდა 5 დეკემბრის შემდეგ, როცა ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგება და ცნობილი გახდება კონკრეტული შეხვედრების მონაწილეები. თუმცა რეალობა სხვაგვარად განვითარდა: უკვე პირველივე ფაზის მეორე დღეს ფანებმა FIFA-ს ბილეთების პორტალზე შესვლისას აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მატჩის ფასები მომატებული იყო. მესამე ფანჯრის გახსნისას კი, ზრდა კიდევ რამდენიმე თამაშზე დაფიქსირდა.

მაგალითად, აშშ-ის ეროვნული გუნდის მეორე ჯგუფური შეხვედრისთვის პირველი კატეგორიის ბილეთის ფასი ოთხშაბათს 535 დოლარი იყო, პარასკევს კი 565 დოლარამდე გაიზარდა. მესამე კატეგორიის ბილეთმა იმავე პერიოდში 185-დან 205 დოლარამდე მოიმატა.

მაგალითად მერვედფინალის შეხვედრაზე MetLife სტადიონზე პირველი კატეგორიის ბილეთი ოთხშაბათს 895 დოლარი ღირდა, პარასკევს - 935, ხოლო ორშაბათს უკვე 980 დოლარი გახდა. ეს ცვლილებები და ბილეთების სწრაფი გაყიდვა აჩვენებს, რომ ფანები მზად არიან გადაიხადონ ის თანხა, რასაც სხვები “მიუღებლად“ მიიჩნევენ.

FIFA-მ პირველი „Visa presale“ ფაზისთვის გამოყო დაახლოებით 1 მილიონი ბილეთი — საერთო რაოდენობის დაახლოებით 15%. მათზე განაცხადი შეიტანა დაახლოებით 4.5 მილიონმა ადამიანმა, საიდანაც შემთხვევით შერჩეულ იღბლიან გულშემატკივრებს მიეცათ შესაძენი დრო. თითოეულ მყიდველს შეეძლო შეეძინა მაქსიმუმ 4 ბილეთი თითო მატჩზე და ჯამში არაუმეტეს 40 ბილეთისა.
თუმცა პირველივე დღეს, ოთხშაბათს დილის გახსნიდან რამდენიმე საათში, სანამ უმეტესობა ციფრულ რიგში ელოდებოდა, ფინალის ბილეთები (ფასი: $2,030–$6,730) მთლიანად გაიყიდა.

ამჟამად, Visa-ს წინასწარი გაყიდვების ფაზაში შესაძლოა კიდევ რამდენიმე ახალი მყიდველი აირჩიონ 21 ოქტომბრამდე, თუმცა ბილეთების მარაგი იწურება. FIFA, როგორც ჩანს, აღარ დაამატებს ახალ ბილეთებს, სანამ მეორე ეტაპი არ გაიხსნება.

ორშაბათის მონაცემებით, 32-დან მხოლოდ 5 მატჩზე დარჩა სტანდარტული ბილეთები, ხოლო 72 ჯგუფური შეხვედრიდან 50-ზე - ნაწილობრივ ხელმისაწვდომი ბილეთები, მათ შორის აშშ-ის გახსნით მატჩზე, სადაც პირველი კატეგორიის ფასი $2,735, ხოლო მეორე $1,940 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები