ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, რიგით მე-9 „ქართული ღვინის ფორუმი“ ფილადელფიაში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის ფორუმი“ აშშ-ში პირველად 2018 წელს ვაშინგტონში გაიმართა და მას შემდეგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის.
ორდღიანი ღონისძიება პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა და მოიცავდა როგორც სამეცნიერო კონფერენციას, ისე ქართული ღვინის სემინარ-პრეზენტაციას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის შესახებ და სხვადასხვა სახეობის ღვინო დაეგემოვნებინათ. ფორუმში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის სტივენ ბატიუკი (ტორონტოს უნივერსიტეტი), ბილ შინდლერი, ასევე სომელიეები და მარკეტინგის სპეციალისტები.
ტრადიციულად, ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო დისკუსიები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიასთან დაკავშირებულ ნაშრომებს განიხილავენ.
ოფიციალური მონაცემებით, ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი 2026 წლის იანვარ-თებერვალში შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტმა 743 ათასი დოლარის 124 896 ლიტრი ღვინო შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.3 მილიონ დოლარსა და 193 785 ლიტრს აღწევდა. წლიურად ექსპორტის ღირებულება 45.2%-ით, ხოლო მოცულობა 35.5%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში აშშ-დან ღვინის იმპორტმა 5 ათასი დოლარი და 23 ტონა შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი ნულოვანი იყო.




























