მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილარმონიის წინ ე.წ. წყლის ფარდა აღდგება - სამუშაოები იწყება

634678b2e690d
BM.GE
12.10.22 12:17
1718
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ არსებული ტერიტორია იერსახის უცვლელად, სრულად აღდგება და განახლდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, მაქსიმალურად შენარჩუნდება პირვანდელი სახე და განახლდება თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული ე.წ. წყლის ფარდა.

„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი დედაქალაქის ღირსშესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს. ის ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათია. რადგან აღნიშნული ტერიტორია ამორტიზებულია და სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღინიშნება, გადავწყვიტეთ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დავიწყოთ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, ე.წ. ფილარმონიის წინ მდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაც, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობთ, ნოემბერში მთლიანად დავასრულოთ პროექტი გამწვანების სამუშაოებით, ტროტუარების მოწესრიგებით, განათების ბოძებით. მომდევნო დღეების განმავლობაში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ე.წ. ფილარმონიის წინ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას დაიწყებს. კერძოდ, ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მუზის ქანდაკების მიმდებარედ, დაზიანებულია ქვის ფილები, რაც ვერ უზრუნველყოფს უხვი ნალექის შეკავებას. გარდა ამისა, ტერიტორია წარმოადგენს კოსტავას ქუჩის მხრიდან ტროტუარის ჭერს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისაა. წვიმიან ამინდში ამ გადახურულ სივრცეშიც წვიმს, წყალი ჩადის და დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, ცენტრალური შესასვლელის მხრიდან დაზიანებულია ფილები და ჰიდროიზოლაციის არქონის გამო, სარდაფები იტბორება წყლით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აღნიშნულ პროექტზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, სრულად განახლდება საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ არსებული შადრევანიც.

შადრევნის სარეაბილიტაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება დედაქალაქის მერმა შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს დაავალა.

„ტერიტორიაზე არსებული შადრევანი მუნიციპალიტეტის მოვლა-პატრონობაშია. შადრევნის გაყვანილობის დაზიანების გამო, ზიანდება მომიჯნავე სივრცე, რომელიც სცენის და სავენტილაციო შახტებია განთავსებული. ასევე, დეფორმირებულია შენობასთან ასასვლელი კიბე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაიგეგმა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ტერიტორიის აღდგენას. პირვანდელი სახე მაქსიმალურად შენარჩუნდება, რადგან შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. განახლდება ე.წ. წყლის ფარდა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების წინ არსებობდა. გარდა ამისა, ამორტიზებული გრანიტი მოპირკეთდება, აღდგება მისი მწყობრიდან გამოსული ნაწილი და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, შადრევნის რეაბილიტაცია ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სივრცის მოწესრიგება, რადგან ტერიტორიის ამ ფორმით და ასეთ ვითარებაში დატოვება კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები