ქართულ ბაზარზე 6 თვის წინ სამკაულების მწარმოებელი ახალი ბრენდი - “ეპიდოტი” გამოჩნდა, რომლის აქსესუარებიც ფილიპინებიდან იმპორტული ნატურალური ქვებისაგან მზადდება.
სტარტაპი ორმა დამფუძნებელმა, თამთა დევდარიანმა და ნინო მაჩაიძე-დოლიძემ აამოქმედეს და მომხმარებლებს უკვე მეოთხე კოლექციას სთავაზობენ. ბრენდის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე BMG-ს თამთა დევდარიანი უყვება.
“შთაგონების წყარო ფილიპინები იყო. მართალია, “ეპიდოტი” ქართველი ქალი მეწარმეების მიერ დაწყებული სტარტაპია და ყველგან აღვნიშნავთ, რომ კოლექციები მზადდება საქართველოსთვის, მასალა, რომლისგანაც ჩვენი აქსესუარები მზადდება, აბსოლუტურად ყველაფერი, მათ შორის ნატურალური ქვები, ფილიპინებიდანაა ჩამოტანილი.
ჩვენი მიზანი ქართველი ქალბატონებისთვის ნატურალური მასალისგან ხელნაკეთი სამკაულების შეთავაზება იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არც ერთი ნამუშევარი არ მეორდება და დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ხარისხს, ისე ბრენდინგსა და შეფუთვას”, - ამბობს თამთა დევდარიანი.
სამკაულების რეალიზება ონლაინ, Facebook და Instagram გვერდებიდან ხორციელდება, ფასები კი 100 ლარიდან იწყება და, აქსესუარის ტიპის მიხედვით, 280-ლარამდე იზრდება.
“ვფიქრობ, ფასები მისაღებია, ვინაიდან გვაქვს ნატურალური ქვები, რომლებიც არ მუშავდება და ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს, დაძველების პროცესიც კი მიმდინარეობს. რომ ავიღოთ სადაფი ან ფირუზი, რომლებიც დროთა განმავლობაში ფერს იცვლიან, ამ ბუნებრივ პროცესებსაც კი ვინარჩუნებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სამკაული ხელმისაწვდომი იყოს თითქმის ყველასთვის. ვითვალისწინებთ იმასაც, რომ კოლექცია ქართველი ქალბატონების ინტერესებზე იყოს მორგებული.
უახლოეს პერიოდში გამოფენის მოწყობას ან მასში მონაწილეობის მიღებას ვფიქრობთ, თუ მოგვეცა ამის საშუალება. შემდგომ ნამდვილად გვსურს ვიფიქროთ ბრენდულ სტენდზე, ალბათ რომელიმე სავაჭრო ცენტრში და, ვნახოთ, იმედია ერთ დღეს მაღაზიადაც იქცევა ის”, - ამბობს “ეპიდოტის” დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ ბრენდი საზღვარგარეთაც აპირებს ფეხის მოკიდებას.
ფილიპინური ქვებისაგან დამზადებული სამკაულის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე საუბრისას, თამთა დევდარიანი რამდენიმე გამოწვევას გამოყოფს.
“იდეის დაბადებისთანავე დავიწყეთ საქმიანი მოლაპარაკებები ფილიპინელ ხელოვანებთან, რომლებიც უკვე მრავალი წელია, ამ სფეროში, ნატურალური ქვების წარმოებაში, საქმიანობენ. იმპორტი სხვადასხვა იურიდიულ და ფინანსურ საკითხებთან იყო დაკავშირებული, მე და ნინო პროფესიით იურისტები ვართ და შედარებით მარტივი იყო იურიდიულად საბუთების მოწესრიგება. რაც შეეხება ფინანსურ თვალსაზრისს, დაგვჭირდა კონსულტაციები, საბანკო ტრანზაქციებთან, საგადასახადო და საბაჟო რეგულაციებთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად ამ გამოწვევებისა, დღეს უკვე ვქმნით ბრენდს, რომელიც ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სთავაზობს სამკაულებს.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს შეფუთვას, რის გამოც შესაფუთი მასალების იმპორტი ფილიპინებიდან გვიწევს, რაც უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე - საქართველოში. ჩვენთვის შეფუთვა ძალზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ ამ პროცესს და რამდენიმე სტამბასთან ვთანამშრომლობთ. საქართველოში ამ მხრივ ბაზარი დიდია, თუმცა დატვირთვაც დიდია და შეკვეთის მოწოდებას გვიგვიანებენ, დროულობა კი ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე ჩვენთვის იმპორტი უფრო მარტივია, უფრო სწრაფი და ხარისხიც ბევრად უკეთესია”, - ამბობს თამთა დევდარიანი.
“ეპიდოტი” დამფუძნებლების პირადი ინვესტიციით 2023 წლის მარტში შეიქმნა და ამ დრომდე წარმოებაში 4 ადამიანია ჩართული. ბრენდს ამ დროისთვის 4 კოლექცია აქვს ჩამოტანილი, რომლის 90%-იც უკვე რეალიზებულია.