"ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია" საბურავების გადამმუშავებელი, ანუ რეციკლირების საწარმოს შექმნაზე მუშაობს. პროექტის შესახებ ასოციაციის წარმომადგენლებმა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრეს.
როგორც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, "ვინტო"-ს აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი ამბობს, გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესაბამისი სიმძლავრეების არარსებობამ ასოციაციის ჩართულობა გახადა საჭირო. მისი ინფორმაციით, დაახლოებით სამ თვეში საწარმო უკვე გაეშვება.
"უკვე ფაქტობრივად ფინალურ ეტაპზე ვართ, დაახლოებით ბოლო ერთი წელიწადია აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ შეიქმნას გადამმუშავებელი სიმძლავრეები ქვეყანაში. მქონდა მოლოდინი, რომ შეიქმნებოდა გარკვეული სიმძლავრეები და მანამდე არსებული საწარმოები გადაიარაღდებოდნენ, გაიზრდებოდნენ, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, არ მოხდა და ამ პროცესში ისევ ბიზნეს ასოციაციის ჩართვა გვიწევს.
უამრავი ვიზიტი გვქონდა ევროპის ქვეყნებში, საიდანაც გადმოვიტანეთ ეს რეგულაციები. პრაქტიკა არსებობს, რომ იქმნება კომპანია, ჩვენს შემთხვევაში, როგორც ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია დაფუძნდა და ის ასრულებს სახელმწიფოსთან ვალდებულებას, მაგრამ თანმდევი კომპანიები უნდა არსებობდნენ, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ ნარჩენების გადამუშავებას. არ შეიძლება ერთმა სტრუქტურამ აკეთოს ყველაფერი - შეგროვებაც, გადამუშავებაც, ექსპორტიც, თუმცა, სამწუხაროდ ახლა, რადგან საქართველოში არ არსებობს მსგავსი ინფრასტრუქტურა და გამოცდილება, ისევ და ისევ ჩვენ თავად გვიწევს და მალე უკვე დავაანონსებთ კონკრეტული საწარმოს შექმნას",- ამბობს ნიკა ხოდელი.
ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, გადამუშავებული ნედლეულის ექსპორტი თურქეთში იგეგმება, რომელიც მას აქტიურად იყენებს სხვადასხვა წარმოებაში.
"ფაქტობრივად, ყველა დეტალი შეთანხმებულია. რეალურად, საბურავი განსაკუთრებით პრობლემური ნარჩენი იმიტომ არის, რომ მისი გასაღების ბაზარი ძალიან პრობლემურია, მისი [გამოყენების] კულტურა, მათ შორის საქართველოში არ ყოფილა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყანა თურქეთი საკმაოდ აქტიურად იყენებს გადამუშავებული საბურავიდან მიღებულ ნედლეულს, ეს არის ე.წ. ფხვნილი, რომელსაც რეზინის წარმოებაში იყენებენ. თურქეთი ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა ალბათ და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს პოტენციალი გამოვიყენოთ, მით უმეტეს მეზობელი ქვეყანაა. შესაბამისად, მიღებულ პროდუქციას, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მაინც თურქეთში გავყიდით, თუმცა მომავალში ვფიქრობთ, რომ საქართველოშიც",- ამბობს ვანო მთვრალაშვილი.




























