Financial Times-ის ანალიზის თანახმად, მიუხედავად მსხვილი დასავლური კომპანიების დაპირებისა, რომ რუსეთში ბიზნესაქტივობას შეამცირებდნენ, მაინც ისინი მინიმუმ 188 000 ადამიანს ხელფასს ამ დრომდე უხდიან. მეტიც, ისეთი, მულტინაციონალური კომპანიები, როგორებიცაა მაგალითად Coca-Cola, Yum Brands, KFC-ი, არ ადასტურებენ, ჰყავთ თუ არა რუსეთის ფედერაციაში თანამშრომლები. მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, 750-ზე მეტმა ბიზნესმა ოკუპანტი ქვეყანა ოფიციალურად დატოვა და შეწყვიტა ბიზნეს-საქმიანობა, მათ შორის იყო Spotify, Disney და Apple, რომლებიც მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ირკვევა, რომ კვლავ აგრძელებენ პარტნიორობას. ასევე ჩამონათვალშია Levi Strauss-ი, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩიპ ბერგმა, აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთში 800-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს უხდის.
როგორც Financial Times წერს, პრობლემა რუსი დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდა არაა, რადგან ამას კომპანიებს, რუსული კანონმდებლობა ავალდებულებს. პრობლემა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაა. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის, რუსეთის დედაქალაქში, 200,000 ადამიანი კარგავს სამსახურს, მას შემდეგ რაც დასავლურმა კომპანიებმა იქ მუშაობა შეწყვიტეს. მთავრობამ 41 მილიონი დოლარის ოდენობის დასაქმების პროგრამა დაამტკიცა, რაც „სოციალურად მნიშვნელოვან“ დროებით სამუშაოს და გადამზადებას ითვალისწინებს.
სობინიანმა თქვა, რომ ახალი პროგრამის მიზანი 58,000 ადამიანის დახმარებაა, რომლებმაც უცხოურ კომპანიებში სამუშაო ადგილი დაკარგეს. მათგან 12,500 გადამზადებას გაივლის. მერმა თქვა, რომ ხალხს, რომლებიც უსამსახუროდ დარჩნენ, შეეძლებათ საჯარო სამუშაოს შესრულება ქალაქის სხვადასხვა სტრუქტურაში. ექსპერტები კი ელიან, რომ სანქციებს რუსეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ექნება და რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევა.