ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აპრილში არსებული 44.8%-იანი ზრდა არამხოლოდ 2020 წლის მაჩვენებელს, არამედ 2019 წლის ეკონომიკის ზომასაც აღემატება.
მინისტრი აცხადებს, რომ "საბაზისო ეფექტის" გამოკლებით, 2019 წლის აპრილთან შედარებით წელს საქართველოს ეკონომიკის ზომა 21%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, 2020 წლის აპრილში არსებული ლოქდაუნის გამო, საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.
"საბაზისო ნიშანი იყო მინუს 16%. თუმცა, იმის უკეთ დასანახად რამდენად დიდი იყო საბაზისო ეფექტი მარტივად შესაძლებელია შევადაროთ ის 2019 წლის მაჩვენებელს. თუკი შევადარებთ 2019 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 21%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ორ წლის ჭრილში ზრდა გვაქვს დაახლოებით 21%,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, აპრილში დღგ-ის გადამხელ საწარმოთა ბრუნვამ 8.44 მილიარდი ლარი შეადგინა, შედარებისთვის 2020 წელს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 4.26 მილიარდი ლარი, 2019 წელს კი 6.16 მილიარდი ლარი იყო. შესაბამისად, კერძო სექტორის ბრუნვა 2019 წელთან შედარებითაც გაზრდილია.
აპრილში არსებული შედარებით მაღალი ზრდის გამო, მთავრობა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებლის 4.3%-დან 6.5%-მდე გაზრდას და ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს.




























