"ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2026 წელს გამოსაშვებ ევროობლიგაციასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ ინვესტორების მხრიდან დიდი მოთხოვნა იქნება. $500 მილიონი დოლარის ახალ ფასიან ქაღალდს მთავრობა საერთაშორისო ბაზარზე 2026 წლის აპრილში განათავსებს, მოზიდული სახსრებით კი 2021 წელს გამოშვებულ 5-წლიან ევროობლიგაციას დაფარავს. შესაბამისად სახელმწიფო ვალის რეფინანსირებას გეგმავს.
ამასთან, ხუციშვილი აცხადებს, რომ ახალი ვალის საპროცენტო განაკვეთი მართალია უფრო დიდი იქნება, ვიდრე 2021 წელს გამოშვებული ევრობონდის განაკვეთი (2.75%) იყო, თუმცა აცხადებს რომ ამ ფასიანი ქაღალდის განაკვეთის სპრედი იქნება უფრო მცირე ვიდრე 2021 წლის ევროობლიგაციის განაკვეთი იყო.
საკითხი ფულის ღირებულებას უკავშირდება, საქმე ისაა, რომ საქართველო ამ ფასიან ქაღალდს აშშ დოლარში უშვებს, ხოლო აშშ დოლარის განაკვეთებს FED-ი განსაზღვრავს და ამჟამად ეს განაკვეთი არის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი, ვიდრე 2021 წელს იყო. 2021 წლის აპრილში აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი 0.75% იყო. შესაბამისად, აშშ სახაზინო ობლიგაციასა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციას შორის საპროცენტო სხვაობა - ანუ სპრედი 2%-ს შეადგენდა (საქართველოს განაკვეთი 2.75%). ამჟამად აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციის განაკვეთი არის 3.66%. შესაბამისად, ესაა ფულის ღირებულება, რაზე უფრო დაბალი განაკვეთის მიღებაც საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციაზე შეუძლებელი იქნება. ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ სპრედი, ანუ სხვაობა აშშ სახაზინო ობლიგაციასთან 2026 წლის ევრობონდზე შემცირდება და ის 2021 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდის 2%-იან სპრედზე უფრო ნაკლები იქნება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ 2026 წლის სახელმწიფო ობლიგაციის განაკვეთი 5.66%-ზე უფრო მცირე იქნება.
"ამის თქმის საფუძველს გვაძლევს გამოხმაურებები და ინტერესი, რაც აქვთ ინვესტორებს და ის არაერთი შეხვედრა რომელიც იმართება საქართველოს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით. ამის საფუძველს იძლევა საქართველოს ეკონომიკური ვითარება და ის განვითარება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და რისკის ნაწილში შემცირებული განაკვეთით მოხდეს ფასიანი ქაღალდის გამოშვება. მოლოდინი იმისა, რომ იქნება მოთხოვნა ორჯერ და სამჯერ მაღალი ვიდრე ფასიანი ქაღალდის მოცულობა. განაკვეთი ვერ იქნება იგივე, რაც 4-5 წლის წინ იყო. თუმცა რისკის განაკვეთი, რაც ემატება საბაზისო ღირებულებას, იქნება გაცილებით უფრო შემცირებული, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. შეგიძლიათ, მოიცადოთ 3-4 თვე და ამ მაჩვენებელსაც ვნახავთ,"- განაცხადა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2026 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.




























