ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამის შეჩერებაზე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, რომლითაც სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დადგინდა. ხუციშვილის განმარტებით, ამჟამად ფონდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელთა მიზანიც პროგრამაში ცვლილებების შეტანაა.
“სავალუტო ფონდის პროგრამის მიმოხილვის შეჩერება ახალი ამბავი არ არის, ეს არის მას შემდეგ რაც ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში. ჩვენ ვიყავით და ვართ დიალოგში IMF-თან, მიმდინარეობს პარამეტრების გაცვლა რა პარამეტრებზეც ჩვენ შეთანხმებული ვიყავით. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ყველა ფისკალური პარამეტრის დაგეგმვა და შესრულება. არის სამუშაო პროცესი, რაც შეეხება მიმოხილვას, მას შემდეგ რაც გვექნება საბოლოო შეთანხმება პროგრამის პუნქტებთან დაკავშირებით, მას შემდეგ შევა ცვლილებები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. წინა ოთხწლიან პროგრამაშიც უამრავი ცვლილება განიცადა პროგრამამ მის დასრულებამდე. შესაბამისად, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები აისახოს ამ პროგრამაშიც,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
BMG-ის კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას პროგრამის აღდგენაზე ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისი, ლაშა ხუციშვილი პასუხობს, რომ თავად ფონდს აღნიშნულ საკითხზე საჯარო პოზიცია დაფიქსირებული აქვს. კითხვაზე თუკი ეროვნული ბანკის საბჭოში იქნებოდა მიიღებდა თუ არა ნათია თურნავას ანალოგიურ გადაწყვეტილებას, ლაშა ხუციშვილი არ პასუხობს.
“ამ მიმართულებით ფონდს საჯაროდაც აქვს პოზიცია დაფიქსირებული. ზოგადად რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით [მიიღებდა თუ არა იგივე გადაწყვეტილებას რაც ნათია თურნავამ მიიღო] ამის განხილვაში ვერ შევალ და ბუნებრივია ვერ ვიტყვი რა იქნებოდა. ხაზგასასმელი არის ის, რომ საქართველო ამ ბრძანებამდეც და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს საერთაშორისო სანქციებს,”- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.