მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა მინისტრი: პენსიის უფრო მეტად გაზრდა გვინდოდა, მაგრამ IMF ჩარჩოებს გვიწესებს

5dcc10b554f97
დავით ჯალაღონია
13.11.19 18:20
2325
ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განმარტებით, 2020 წელს მთავრობა პენსიას იმ მოცულობით ზრდის, რისი შესაძლებლობაც აქვს. ასე უპასუხა მაჭავარიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რევაზ არველაძის მოსაზრებას, რომ მომავალ წელს 30 ლარით არა მხოლოდ 70 წლის ასაკის პენსიონერებისთვის, არამედ სხვებისთვისაც უნდა გაიზარდოს პენსია, თუნდაც 1 ივლისის ნაცვლად, ამ თარიღმა 1 სექტემბრამდე გადაიწიოს.

„ჩვენ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ, თუმცა სამწუხაროდ, არ გვაქვს ის რესურსი ქვეყანაში, რომ ყველას მოვუმატოთ მნიშვნელოვნად (პენსია) და მე მიმაჩნია, რომ 50-ლარიანი მატება არის მნიშვნელოვანი. თქვენ იცით, რომ პენსიონერები, 70 წელს გადაცილებულები მიიღებენ 250 ლარს და თუ ისინი მთიან რეგიონში ცხოვრობენ - 300 ლარს. თქვენ გახსოვთ, რომ ხშირად იყო 300-ლარიანი დაპირებები, რაც იმ დროისთვის იყო უპასუხისმგებლო დაპირებები და შეუძლებელი. ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ.

რასაკვირველია, შეიძლება ვთქვათ, რომ 70 წლის პენსიონერსაც სჭირდება და ჯერ პენსია შორს არის იმ დონიდან, რაც უნდა იყოს და მასაც სჭირდება, რასაკვირველია სახსრები, თუმცა ჩვენ გამოვედით ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან და მათი საჭიროებიდან. მიგვაჩნია, რომ ეს დიფერენციაცია სწორედ ასახავს ამ ასაკობრივ გაყოფას და მიგვაჩნია, რომ მომავალშიც, როცა პენსიის ინდექსაციის ინიციატივით შემოვალთ, ამ ფილოსოფიას და მიდგომას გავავრცელებთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ამასთან, ვანო მაჭავარიანმა პენსიის ინდექსაციის მოდელის დაგვიანებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გარკვეული დრო დასჭირდა.

„რაც შეეხება პენსიის ინდექსაციას, ჩვენ დავაგვიანეთ, გეთანხმებით, თუმცა ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. ჩვენ სავალუტო ფონდთან მოგვიწია საკმაოდ რთული, რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკება, ვერ ვთანხმდებოდით. არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტური და უფრო მაღალი ზრდისკენ ვიყავით მომართული, თუმცა რასაკვირველია, სავალუტო ფონდი ჩარჩოებს გვიწესებს და გვეუბნება, რომ ფისკალურად უნდა იყოს შესაძლებელი ეს გრძელ ვადაში, ათწლეულების განმავლობაში. მგონია, რომ ჩვენ დავაახლოვეთ პოზიციები. ჩვენ გამოვალთ საპენსიო ინდექსაციით, სადაც ასევე გეტყვით, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება ასაკობრივ ჭრილში. მიგვაჩნია, რომ ეს სამართლიანია.

არანაირ დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ პრობლემები ჯანმრთელობიდან ან სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, უფრო მეტს მიიღებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაიზრდება ასაკით პენსიონერთა პენსიები, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირების (880 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც მიიმართება 220.0 მლნ ლარზე მეტი;

გარდა ამისა, 2020 წლის 1 ივლისიდან, დამატებით 30 ლარით გაიზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა (450 ათასზე მეტი მოქალაქე) სოციალური გასაცემლები, რაზედაც დამატებით მიიმართება 80 მლნ ლარი. პარალელურად, დაინერგება საპენსიო გასაცემლების რეგულარული ზრდის წესი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები