"ოცნების" ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ელის, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდება. მან ამის შესახებ "ბანკი ქართუს" პოდკასტში განაცხადა.
მინისტრმა ლონდონი საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების ემისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესმა აჩვენა ინვესტორების ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ. მან აღნიშნა, რომ ინვესტორებმა შეაფასეს საქართველო უფრო ნაკლებად რისკიანად, ვიდრე საქართველოს მსგავსი რეიტინგის და ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნები.
"არაერთმა საერთაშორისო საფინანსო კომპანიამ აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული გამოშვება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე რაც გამოსულა სუვერენული ბონდები საქართველოს მსგავსი რეიტინგის და საქართველოს რეიტინგზე ერთი საფეხურით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის, ეს იყო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი რისკიანობის მაჩვენებელი",- თქვა ლაშა ხუციშვილმა.
კითხვაზე, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის შესაძლო გაზრდის შესახებ, ლაშა ხუციშვილმა თქვა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მოდელებით, საქართველოს პრაქტიკულად უკვე საინვესტიციო რეიტინგი აქვს, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მომდევნო წლებში ეს ფაქტობრივ შეფასებაშიც აისახება.
"ბუნებრივია, როდესაც ქვეყნის რეიტინგზე ვსაუბრობთ, ეს მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც წესი, ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ასევე ქვეყნის რეიტინგი. როდესაც დადებითი შეფასებები კეთდება ამ მიმართულებით, უკვე საფინანსო ინსტიტუტებზეც ეს აისახება. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ სამივე სარეიტინგო კომპანიასთან. საკმაოდ საინტერესო მოცემულობა გვაქვს დღეს როგორც S&P-სთან, Moody's-თან, Fitch-თან მიმართებაში. თუ ჩვენ შევხედავთ მათ მიერვე გამოქვეყნებულ საქართველოს რეიტინგის შეფასებას, იქ ვნახავთ, რომ ერთი არის რას ამბობს მოდელი (რა მოდელითაც ეს სარეიტინგო კომპანიები აფასებენ ქვეყნის რეიტინგს) და შემდგომ რა არის საბოლოო ქულა და საბოლოო შეფასება. სამივე სარეიტინგო შეფასებით, მოდელი ამბობს უფრო მაღალ რეიტინგს, ვიდრე ეს რეალურად ფაქტობრივი შედეგი არის გამოქვეყნებული. Fitch-თან და Moody's-თან მიმართებაში ეს მოდელი ამბობს ორი საფეხურით უფრო მაღალ რეიტინგს, რომელიც არის უკვე საინვესტიციო რეიტინგი, ხოლო S&P-სთან მიმართებაში - ერთი საფეხურით უფრო მაღალს. ეს სხვაობა ფაქტობრივსა და მოდელის მიერ განსაზღვრულ რეიტინგს შორის ნელ-ნელა ყველა სარეიტინგოსთან მიმართებაში იზრდება, რაც ბუნებრივია არის იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომ რაღაც პერიოდში უნდა მოხდეს რეიტინგის მომატებაც ქვეყნისთვის. ბუნებრივია, ყველა ის ფაქტორი, რომელიც ქვეყნის რეიტინგზე ახდენს გავლენას, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ძირითად შემაფერხებელ გარემოებად რჩება ზოგადი გეოპოლიტიკური რისკები, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს, მთელ მსოფლიოსთან არის დაკავშირებული, თუმცა ჩვენს რეგიონთან კიდევ უფრო მძაფრად არის დაკავშირებული. თუმცა ის წარმატებები, რომელიც სხვა კრიტერიუმებში ქვეყანამ მიაღწია, ნაწილობრივ ფარავს ამ რისკებს.
ძალიან კარგია ასევე ის, რომ სხვადასხვა რისკები, რომელიც იყო წინა პერიოდში სარეიტინგო კომპანიების მიერ დასახელებული, მათი მატერიალიზება არ მოხდა, რაც შესაბამისად ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს დაეხმარება რეიტინგის გაუმჯობესებას ქვეყნისთვის. გაუმჯობესებული რეიტინგი ქვეყნისთვის ნიშნავს უფრო მაღალ რეიტინგს კერძო სექტორისთვის საქართველოში და საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს უფრო იაფ და შედარებით მარტივად მოზიდულ რესურსებს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბაზრებიდან კომპანიებისთვის, ეს თავისთავად ცხადია ნიშნავს უფრო მეტ კონკურენტულ უპირატესობას ქართული ბიზნესისთვის და მათ შორის სახელმწიფოსთვისაც. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. საკმაოდ რთულია კონკრეტული ვადების დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეფასება ძალიან კომპლექსურია და ბევრ ფაქტორს მოიცავს, თუმცა სარეიტინგო კომპანიების მოდელები ამბობენ, რომ საქართველოს პრაქტიკულად უკვე საინვესტიციო რეიტინგი აქვს. ეს შეფასება იძლევა იმის თქმის და ვარაუდის საშუალებას, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ვიხილოთ ასევე პოზიტიური დინამიკა რეიტინგების კუთხითაც", - თქვა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, როგორც S&P-ის, ისე Moody's-ის და Fitch-ის შეფაებით, საქართველოს არასაინვესტიციო რეიტინგი აქვს. მიმდიანრე თვეში, საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. სარეიტიგნო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკა კვლავ პოლარიზებულია და აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები მთელი რიგი ფაქტორების გამო რთულდება. სწორედ ესაა ფაქტორი, რომელმპაც პოტენციურად რეიტინგის გაუარესება შეიძლება განაპირობოს კერძოდ, თუ პოლიტიკური დაძაბულობა იმდენად გამწვავდება, რომ ინვესტორების ნდობა შეირყევა და საქართველოს ზრდის პერსპექტივა შესუსტდება.




























