მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს 1 ოქტომბერს წარუდგენს

ბიუჯეტი

კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2025 წლის ეკონომიკურ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერს სამინისტრო პარლამენტს 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტს წარუდგენს.

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გასული წლის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლისთვის დაგეგმილი იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, წლის განმავლობაში დაფიქსირდა პოზიტიური ტენდენციები, რის შედეგადაც რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის თქმით, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული საგარეო სექტორთან.

„გასულ წელს ვაჭრობამ 23 მილიარდ 485 მილიონ დოლარამდე შეადგინა. საგარეო ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელი ჯამში 8,3% იყო. აქედან ექსპორტის მაჩვენებელი 6 მილიარდ 560 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 16 მილიარდ 924 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება ტურიზმს, გასულ წელს, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ 5 მილიონ 91 ათასი შეადგინა. უშუალოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ნაწილში 4 მილიარდ 425 მილიონი დოლარი მივიღეთ შემოსავალი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა დარგობრივ სამინისტროებზე გაამახვილა ყურადღება.

„გასულ წელს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთად იყო და სამინისტროს მიერ ათვისებულ იქნა 526 მილიონ ლარამდე, შესრულების მაჩვენებელი 100,6%-ია. ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყების - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ათვისებულია 8 მილიარდ 81 მილიონი ლარი და შესრულების მაჩვენებელი 100,2%-ია. შესრულების მაჩვენებელი საკმაოდ კარგი გვაქვს პროგრამულ დონეზეც. პროგრამებში არ გვქონია რაიმე ჩამორჩენა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები