ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადის რეფორმაზე მუშაობს - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა, ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის შეცვლაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
“ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ქონების გადასახადის რეფორმაზე, სადაც განიხილება ქონების გადასახადის დაბეგვრის პრინციპების ძირეული ცვლილების საკითხი და სამინისტროში ერთიან კონტექსტში უყურებენ ამ საკითხს, ამიტომ პარლამენტის მიერ ცალკეული ინიციატივების მიღება საჭირო არ არის”, - განაცხადა სონღულაშვილმა.
დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა რომან გოცირიძემ კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს. დეპუტატის თქმით, მოქმედი ნორმა მოძველებულია და განახლებას საჭიროებს. რომან გოცირიძის მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთის ახლებური დიფერენციაცია მოხდება, გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით.
ქონების გადასახადი, შესაძლოა, შემცირდეს - რომან გოცირიძის კანონპროექტი