მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა - დავით პაპიაშვილის განმარტება

დავით პაპიაშვილი

სამშენებლო სექტორისთვის საგადასახადო რეგულაციები მკაცრდება. ფინანსთა სამინისტრომ ბარტერული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის მიდგომა შეცვალა, რაც დეველოპერებისთვის საგადასახადო ხარჯების ზრდას ნიშნავს.

აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი BMG-სთან განმარტავს, რომ ეს ცვლილება პრაქტიკაში არსებული ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება, თუმცა ბიზნესისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

მისი განმარტებით, აქამდე მოქმედი პრაქტიკით, როდესაც სამშენებლო კომპანია მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მესაკუთრეს ბინებს გადასცემდა, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა ძირითადად მიღებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით განისაზღვრებოდა.

"მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მანამდე სამშენებლო კომპანია 60 000-ის ღირებულების მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ გადასცემდა - დავუშვათ 100 000-ის ღირებულების ბინას, ჯამში 100 000-ის აქტივს და 20 000 იყო ფულადი თანხა, აქამდე, შესაბამისი უწყება ამბობდა, რომ 60 000-ისთვის უნდა გამოგვეკლო ეს 20 000. ამ შემთხვევაში კი, იბეგრება 80 000 ლარის ბინა, ანუ, არა ბინის საბაზრო ფასი, არამედ ბინის გარიგების მიხედვით შეთანხმებული ფასი" - ამბობს დავით პაპიაშვილი BMG-სთან.

მისივე თქმით, ეს ცვლილება კიდევ უფრო აძლიერებს საგადასახადო წნეხს იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე წლის წინ შემოღებული რეგულაციით, მიწის ნაკვეთის მიღება ავანსად ითვლება და კომპანიას დღგ-ის გადახდა მიწის მიღებისთანავე უწევს.

ამასთან, დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო მიდგომების ხშირი ცვლილება და საკითხების ფრაგმენტული გადაწყვეტა ბიზნესისთვის ბუნდოვან გარემოს ქმნის. მისი თქმით, ბევრი საკითხი, რომელიც კანონის დონეზე უნდა წყდებოდეს, მხოლოდ საჯარო გადაწყვეტილებებით რეგულირდება.

„საჯარო გადაწყვეტილებები რა ფორმითაც მიიღება, არ არის ბოლომდე დამუშავებული, ყველა კითხვას არ პასუხობს და ძალიან ბევრი ორაზროვანი საკითხია ღიად დარჩენილი. კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფო მეტად გამოიყენებს კერძო სექტორისა და დაბეგვრის სპეციალისტების რესურსს, რათა დოკუმენტები არ იყოს ფრაგმენტული.

სამშენებლო ბიზნესს ვურჩევდი, ამ ყველა რეგულაციაში კარგად გაერკვნენ, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დიდი თანხის გარიგებები იდება. მიწის ღირებულება და ბინების ფასი მაღალია და მცირე ცდომილებამაც კი შეიძლება დიდი საგადასახადო რისკები წარმოშვას“ - ამბობს პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები