მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსურ დანაშაულებში მსჯავრდებულებს ზარალის ანაზღაურებამდე ქვეყნიდან გასვლა 16 წლით აეკრძალათ - "ოცნების" კანონი

პარლამენტი

პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს საქართველოს დატოვებას უზღუდავს. ახალი კანონით, რომელიც მეტწილად გიორგი ბაჩიაშვილის საქმით არის ინსპირირებული, მსჯავრდებულ პირებს დაზარალებულისთვის თანხის სრულ ანაზღაურებამდე, ქვეყნიდან გასვლა 16 წლით ეკრძალებათ.

ახალი რედაქციით, განსხვავებით კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიისგან, დადგენილია კონკრეტული ვადა – 16 წელი, და არა ნასამართლეობის ვადებზე მიბმული განსხვავებული პერიოდები. ცვლილებების ავტორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ეს მიდგომა „დანაშაულის კატეგორიას კი არა, მიყენებულ ზიანის ოდენობას დაუკავშირდება“.

გორდულაძის თქმით, მსჯავრდებულს, რომელსაც ზიანის ანაზღაურება ეკისრება, ელექტრონული სამაჯურის ტარება დაევალება, ხოლო მისი და მისი ოჯახის წევრების ქონება, შესაძლოა, ჩამოერთვას და დაზარალებულის სასარგებლოდ რეალიზდეს.

ახალი რედაქციით:

  • მსჯავრდებულს, სანამ ზარალს არ აანაზღაურებს, საარსებო მინიმუმის ორმაგ ოდენობაზე მეტი თანხის ფლობა ეკრძალება;

  • ასეთი პირისთვის ფულის ან ქონების გადაცემა ცალკე დანაშაულად ჩაითვლება და ისჯება ჯარიმით ან ხუთ წლამდე პატიმრობით;

  • მსჯავრდებულის საბანკო ანგარიშებსა და უძრავ ქონებას ყადაღა დაედება და ის დაზარალებულის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება.

გარდა ამისა, დაკორექტირდა გარდამავალი დებულებები: ახალი წესები იმ საქმეებსაც შეეხება, რომლებიც ამჟამად გამოძიების ან სასამართლო განხილვის სტადიაზეა. ხოლო თუ საქმე უკვე კასაციაშია, ქონების ჩამორთმევა და საზღვრის დატოვების აკრძალვა აღარ გავრცელდება.

კანონი ასევე ავალდებულებს ე.წ. „თეთრი საყელოს“ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს – თაღლითობის, გაფლანგვის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების, კომპიუტერული მონაცემების მოტყუებით ხელყოფისა და სხვა მსგავსი დანაშაულების შემთხვევაში – ზარალის ანაზღაურება მოახდინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი შეზღუდვები დაეკისრებათ.

"არის კორექტირება მუხლში, რომელთაც გათვალისწინებულია ე.წ. თეთრის საყელოს დანაშაულები, რომელ დანაშაულში მხილებულ და მსჯავრდებულ პირებს ვალდებულება ექნებათ, რომ მიყენებული ზიანი ახალი წესით აანაზღაურონ - არის კორექტირება და ორ კონკრეტულ შემთხვევაში როგორც განზრახი, ასევე გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მუხლების დამატება მოხდა.

გარდა ამისა, შემოთავაზებული გვქონდა პრინციპი, რომ თუ დაზარალებულების დაკმაყოფილების მიზნით ახალი რეგულაციების გამოყენება მოხდა, პირს საქართველოდან გასვლა აეკრძალებოდა, ხოლო აკრძალვის ვადა დამოკიდებული იყო ნასამართლეობის ვადაზე. შემოთავაზებული ახალი რედაქციით, პირდაპირ მიეთითება კონკრეტული 16 წელი ანუ მაქსიმალური ვადა, რა დროითაც შესაძლებელი იქნება, რომ ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოხდეს,"- განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა არჩილ გორდულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები