ფინეთისა და ისრაელის მთავრობებს შორის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება გაფორმდა. ევროპული სახელმწიფო ისრაელისგან საჰაერო თავდაცვით სისტემას, „დავითის შურდულს“ შეიძენს და შესყიდვის მოცულობა 317 მილიონი ევრო იქნება.
სამინისტროს განმარტებით, ჰამასის წინააღმდეგ ომში „დავითის შურდულმა“ მაღალი ეფექტიანობა და ლეტალობა აჩვენა. თავდაცვითმა სისტემამ არაერთი რაკეტის, დრონისა და საფრენი აპარატის მოგერიება შეძლო, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ისრაელის სამხედრო შესაძლებლობებს.
Rafael Advanced Defence Systems-ის მიერ წარმოებულ „დავითის შურდულს“ რაკეტებისა და საფრენი აპარატების განადგურება 300-მდე კილომეტრის რადიუსში შეუძლია და იგი ისრაელის თავდაცვის ძალების არსენალში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ იარაღს წარმოადგენს.