ფინტექ კომპანიებს ახალი სერვისების დანერგვის მოტივაცია ექნებათ, ხოლო სავაჭრო ობიექტებს საბანკო ხარჯები შეუმცირდებათ - ასე აფასებენ ბარათით გადახდებისას საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივას ფინტექ ასოციაციაში.
საქმე ისაა, რომ ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.
როგორც BMG-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით კიკვიძემ განუცხადა, შესაბამისი პროექტის მიღების შემთხვევაში, ბაზარზე კონკურენცია გაიზრდება, რაც ფინტექ კომპანიებს საშუალებას მისცემს, მომხმარებლებს ბანკების პარალელურად ახალი პროდუქტების შესთავაზონ, რასაც როგორც სექტორზე, ასევე მეწარმეებზე, მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებზე დადებითი გავლენა ექნება.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ბაზრისთვის, რომელიც გულისხმობს, რომ კომერციულ ბანკებს გარკვეულ ბიზნესებში აქტიური მონაწილეობა შეეზღუდებათ. ეს ბიზნესი უკვე ფინტექ სექტორად ითვლება და ფინტექ სექტორს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ბანკებისგან დაბალ ფასში წამოიღოს სერვისები და შემდეგ გადაყიდოს. ეს მოდელი აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ევროპასა და ამერიკაში, სადაც ბანკები მხოლოდ სერვისების შემქმნელები არიან, ხოლო დისტრიბუციასა და გაყიდვას ფინტექ კომპანიები ახდენენ. ჩვენთან ეს მოდელი ახლა ინერგება და თუ ეს ინიციატივა მიღებული იქნება, ეს იქნება ფაქტობრივად პირველი გადადგმული ნაბიჯი. ეს გაზრდის კონკურენციას, ახალი, ინოვაციური პროდუქტების დანერგვის შესაძლებლობას მისცემს [სექტორს]. თუ ბანკს ექნება ჩაკეტილი საკომისიო, რომლის მიხედვითაც ის ვეღარ შეძლებს საკუთარი პროდუქტის დისტრიბუციას, ეს შესაძლებლობას მისცემს ფინტექ კომპანიებს, რომ დაბალ ფასში იყიდონ ბანკებისგან პროდუქტი და შედარებით დაბალ ფასში გადაყიდიან ბიზნესებზე. ამას ორმაგი ეფექტი ექნება: ფინტექებს გაეზრდებათ შემოსავალი, ახალი სერვისების დანერგვის მოტივაცია ექნებათ და მერჩანტებს, მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებს, შეუმცირდებათ საბანკო ხარჯი, ტრანზაქციული ხარჯი.
ინიციატივაში ასევე, შესულია საკითხი, რაც ასევე გულისხმობს პოსტ-ტერმინალებზე ე.წ. როუთინგის გაკეთება. დღეს როგორც მოგეხსენებათ, როდესაც მაღაზიაში ბარათით ვიხდით, აუცილებლად გვეკითხებიან, რომელი ბანკით ვიხდით და იმ ტერმინალზე ატარებენ ბარათს. შესაბამისად, ეს მოცემულობა შეიცვლება და ყველა ბანკი გაერთიანდება ერთ სისტემაში. გადახდის მომენტში, სისტემა ამოიცნობს კონკრეტულ საბანკო ბარათს და რომელი ბანკიც იქნება გამომშვები, იმის პროცესინგზე გაატარებს. ესეც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს, როგორც მაღაზიებისთვის, ასევე ზოგადად, საოპერაციო ნაწილს და მომხმარებელსაც მეტი კომფორტი ექნება”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
ფინტექ ასოციაციაში ასევე განმარტავენ, რომ გადახდებისას საკომისიოს ზედა ზღვრის დაწესებამ შესაძლოა, მომხმარებლისთვის უშუალოდ სხვადასხვა პროდუქციაც გააიაფოს.
“ეს ინიციატივა ხსნის წვდომას საბანკო სექტორის სერვისებთან, რომლებზეც აქამდე ბანკები ფაქტობრივად მონოპოლისტები იყვნენ. ფინტექ კომპანიებისთვის რთული იყო საბანკო პროდუქტების წამოღება გადასაყიდად, რადგან ბანკები თავად უზრუნველყოფდნენ საკუთარი პროდუქტების გაყიდვას და ფინტექ კომპანიებს გაცილებით მაღალ ფასს სთავაზობდნენ, რაც კონკურენციის შესაძლებლობას კლავდა. ახალი ინიციატივა ამას მოაწესრიგებს, გახსნის საზღვრებს და მეტი ინოვაციისა და ახალი პროდუქტის დანერგვისა და განვითარების შესაძლებლობას მისცემს სექტორს.
ახალი სერვისები და პროდუქტები დაინერგება, რამაც არამხოლოდ მომხმარებლის კომფორტზე, არამედ ფასზეც უნდა იმოქმედოს. ჩვენ ვიცით, რომ მეწარმეებს საკომისიოები პროდუქტების ფასებში გარკვეულწილად გათვალისწინებული აქვთ. შესაბამისად, პოტენციურად შესაძლებელია, რომ ამან ფასების კლებაც კი გამოიწვიოს ზოგიერთ პროდუქტზე. მაღალი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის საკომისიოს წილი წლიურად საკმაოდ მაღალია. ერთი სტანდარტული მსხვილი რესტორნის შემთხვევაში ეს წლიური საკომისიო 50-150 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ხარჯის შემცირების შედეგად კი მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ მეწარმე საკუთარ ფასებსაც გადახედავს, რადგან მას ხარჯები შეუმცირდება”, - აღნიშნა დავით კიკვიძემ.
ცნობისთვის, ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.




























