საქართველოს ფინტექ ასოციაციის ინიციატივით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმუშავებს. ჯგუფის შექმნა არასაბანკო ფინანსური სექტორის წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, სადაც მონაწილეებმა ფინტექ ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, მიმდინარე რეფორმები და სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
დარგობრივი გაერთიანების ინფორმაციით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სამუშაო პროცესის ფარგლებში შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივების მოამზადებს, რომლებიც შემდგომი განხილვისთვის საქართველოს პარლამენტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარედგინება.
მათი ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში განხილული იქნება როგორც მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები, ისე ფინტექ სექტორისთვის პრიორიტეტული სხვა მარეგულირებელი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს სექტორში არსებული გამოწვევების სისტემურ გადაწყვეტას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სექტორის სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, კონკურენციის გასაძლიერებლად, ინოვაციების წასახალისებლად და ფინტექ ეკოსისტემის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარის, დავით კიკვიძის თქმით, ეროვნულ ბანკთან შეხვედრის შემდეგ სექტორს უკვე აქვს მკაფიო ხედვა და სამოქმედო გეგმა.
"სებ-თან შეხვედრისას ჩვენ გვქონდა მკაფიო მესიჯი, რომ სექტორს დაგვეფიქსირებინა და მოგვემზადებინა ჩვენი პოზიცია სექტორში მიმდინარე და არსებულ გამოწვევთან მიმართებით. გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა დავალება, რომ დაგვეწყო მუშაობა საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. შეგვექმნა შიდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება ეროვნულ ბანკთან. დღეს, უკვე გვაქვს მკაფიო სურათი, როგორ წარმოგვიდგენია სებ-თან კომუნიკაცია. ანუ რა ტიპის წინადადებით მივდივართ. ასევე გვაქვს შიდასაკომუნიკაციო გეგმა, რომლითაც უკვე დავიწყებთ მუშაობას კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით. რომელსაც ასევე მოვამზადებთ ძალიან მკაფიოდ და ცხადად".
მანვე დასძინა, რომ სახელმწიფო უწყებებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც გააძლიერებს კონკურენციას, წაახალისებს ინოვაციებს და განავითარებს თანამედროვე, კონკურენტუნარიან ფინანსურ ეკოსისტემას.
ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და სექტორის მზაობის შესახებ ისაუბრა საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, მიხეილ დემეტრაშვილმაც.
"სექტორი მზად არის იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკთან, როგორც მარეგულირებელთან იმუშაოს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც აუცილებელია ამ სფეროს კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის, იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, მეტი დოვლათი შეიქმნას და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი აისახოს კლიენტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობა რომელიც დღეს შედგა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთობა დადებეს შედეგს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", - განაცხადა მიხეილ დემეტრაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული თანამშრომლობა და აღნიშნეს, რომ აქტიური, ღია და კონსტრუქციული დიალოგი ფინტექ ინდუსტრიის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ამასთან, ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნული ბანკის მზადყოფნას, მომავალშიც გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა სექტორის წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძესთან სამუშაო შეხვედრა 27 ივლისს გამართეს.




























