“საქართველოს ფინტექ ასოციაციის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვას ისახავს მიზნად, კომპანიებისთვის დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
როგორც დავით კიკვიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ფინტექ კომპანიებს მონიტორინგის სისტემები აქვთ, რომელიც საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის საშუალებას იძლევა, თუმცა მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ახალ რეგულაციაზე მოსარგებად კომპანიებს გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებები დასჭირდებათ.
დავით კიკვიძე ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მოტივი მომხმარებლების შესაძლო ფინანსური თაღლითობისგან დაცვასთან დაკავშირებით გასაგებია.
“საქართველოში არსებული როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, ასევე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერებს აქვთ ვალდებულება, რომ ეროვნულ ბანკს წარუდგინონ შესაბამისი ანგარიშები გარკვეული პერიოდულობით და ეს არის კანონით დადგენილი. აღნიშნული ანგარიშები ეროვნულ ბანკს ეხმარება, რომ გამოავლინოს სტატისტიკური მაჩვენებლები, დაინახოს ვითარება ბაზარზე, როგორ იცვლება, დინამიკა როგორია, მზარდია, კლებადია, რა ტიპის ტრანზაქციები ხორციელდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, ალბათ ამის საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეამჩნია გარკვეული აქტივობა ამ მიმართულებით, დაინახა, რომ ბაზარს სჭირდება გარკვეულწილად დამატებითი რეგულირება.
გარდა ამისა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერჯერობით სამწუხაროდ, ისევ დაბალია ფინანსური განათლების დონე და ამ მიმართულებით არაერთი წელია ვსაუბრობთ როგორც თავად ბიზნესი, ასევე მარეგულირებელიც და არასამთავრობო სექტორიც, რომ ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ პოტენციურად შეიძლება დაიცვას მომხმარებლები, ალბათ ეს უნდა შეფასდეს პოზიტიურად. თუმცა, ამ ყველაფერს თავისთავად მეორე მხარეც გააჩნია. ბიზნესისთვის ნებისმიერი ტიპის დამატებითი რეგულაცია, რა თქმა უნდა, ეს არის დამატებითი რესურსი, დამატებითი ხარჯი, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოს. მოთხოვნებში იყო გარკვეული ტიპის ისეთი კრიტერიუმები წაყენებული, რომ შესაძლოა გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებებიც კი დასჭირდეთ [კომპანიებს].
დღესდღეობით თითქმის ყველა კომპანიას აქვს ე.წ. ფროდ მონიტორინგის სისტემები, რომელიც უჩვეულო ტრანზაქციების და მსგავსი ტიპის ოპერაციების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. თავისთავად ამ სისტემაშიც ალბათ მოუწევთ გარკვეული ცვლილებების შეტანა, რაც თავისთავად გარკვეულ ხარჯებთან, გარკვეულ დამატებით რესურსებთან არის დაკავშირებული.
თითოეულ მსგავსი ტიპის პროვაიდერს, ეს კრიპტო კომპანია იქნება თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, მათ აქვთ ვალდებულება, რომ თითოეული კლიენტი, რომელიც რეგისტრირდება მათ პლატფორმაზე მიანიჭონ რისკის კატეგორია. შესაბამისად, უკვე დამატებითი ე.წ. ლოგიკებიც უნდა გაითვალისწინოს კომპანიამ, რომ 60 წელს გადაცილებულ ასაკზე უკვე რაღაც დამატებითი პრევენციული ღონისძიებები იქნება განსახორციელებელი. ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად თავისთავად მათ მოუწევთ დამატებითი ე.წ “რულების”, სცენარების გაწერა. როგორც წესი, აღნიშნული “ფროდ” მონიტორინგის სისტემები ამ კომპანიებს ხშირ შემთხვევაში აქვთ აუთსორსზე, რაღაც ყოველთვიურ საკომისიოსაც იხდიან ამაში და თითოეული ასეთი ლოგიკის დამატება და მსგავსი ტიპის მანიპულაციების ჩარევა თავისთავად გარკვეულ ხარჯებთან და ინვესტიციასთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.
ცნობისთვის, 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები გამკაცრდა. საგადახდო პროვაიდერები ვალდებულები არიან, აზარტული თამაშების, ფორექსის, თუ კრიპტო ტრანზაქციები დროს 60 წელს გადაცილებული მომხმარებლების ის ოპერაციები შეაჩერონ, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ტრანზაქციაზე და ეს დაუდასტუროს პროვაიდერს.
ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი სეგმენტის - 60 წელს გადაცილებული მომხმარებლის დაცვას თაღლითური სქემებისგან.




























