საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ფიშინგის ისეთი სქემებია გავრცელებული, რომლითაც სოციალური ქსელების მეშვეობით დასაქმების, გათამაშებებში მონაწილეობის, მოწონებების სანაცვლოდ თანხების ჩარიცხვას სთავაზობენ.
"ამ ბოლო პერიოდში მომატებულია ფიშინგის შემთხვევები, ძირითადად გავრცელებულია ეს სქემები:
მომხმარებელმა facebook-ზე მიიღო შეთავაზება დასაქმების შესახებ, რის სანაცვლოდაც უნდა ჩაერიცხა თანხა.
ასევე facebook-ზე მომხმარებელმა ნახა რეკლამა, სადაც გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდნენ და მოგებული თანხის მიღების სანაცვლოდ სთხოვდნენ გარკვეული თანხის ჩარიცხვას.
Instagram-ზე მოწონებების დაგროვებით გამომუშავებული თანხების ჩარიცხვა.
Whatsapp-ზე უკავშირდებიან, სთავაზობენ გარკვეული ვიდეოების მოწონების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას, თანხმობის შემთხვევაში აწვდიან telegram-ის ბმულს, სადაც მომხმარებლები იღებენ დავალებებს, რის შემდეგაც შედიან ნდობაში. პირველ ეტაპზე ,,თაღლითები“ რიცხავენ მცირე თანხას, ნდობის მოპოვების შემდეგ უკვე მომხმარებელს არიცხინებენ ფულს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"საზოგადოება და ბანკები" მოქალაქეებს რეკომენდაციებს სთავაზობენ, იმისთვის, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდნენ.
"რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ გავხდეთ თაღლითობის მსხვერპლი:
- არ ენდოთ სოციალურ ქსელში დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, დიდი ალბათობით ეს თაღლითური მახეა
- კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შეთავაზება - სანდო კომპანია დასაქმების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას ან ბარათის მონაცემების გაზიარებას არასდროს მოგთხოვთ
- არავის გაუზიაროთ თქვენი მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი
თუ უცხო პირი ან რომელიმე კომპანია ბარათის მონაცემების გაზიარებას მოგთხოვთ, ეს უკვე ინდიკატორია იმის, რომ თაღლითების სამიზნე ხართ, რადგან თანხის ჩასარიცხად ანგარიშის ნომრის გაზიარებაც სრულიად საკმარისია", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




























