"საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის ბლოგი
წარმოიდგინეთ ფოტო: პატარა ბავშვი ეკლესიაში, სევდიანი თვალებით. ტექსტში წერია, რომ მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, ხოლო გვერდს რომელიმე მოძღვრის სახელი ჰქვია. ათასობით ლაიქი, გაზიარება და გადარიცხული თანხა... თუმცა, ეს ბავშვი არ არსებობს. ის ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე წამში დააგენერირა, ხოლო მითითებული საბანკო ანგარიში სხვისგანაა ნაყიდი.
ამ ბოლო დროს გახშირდა, რომ თაღლითები ქმნიან ყალბ გვერდებს სოციალურ ქსელებში და ითხოვენ დახმარებას. ამისთვის იყენებენ სენსიტიურ თემას (როგორც წესი - „პაციენტი“ ან მღვდელია, ან სტიქაროსანი) და AI-ით გენერირებულ ფოტოებს (სადაც ხშირად შეიმჩნევა დეტალების არარეალურობა - თითები, ფონზე არსებული წარწერები/ხატები). თუმცა ბევრი მომხმარებელი ამდენ დეტალს არ აკვირდება და ტყუვდება.
თაღლითები იყენებენ ფიზიკური პირებისგან ნაყიდ საბანკო ანგარიშებს, რათა კვალი არიონ. მათთან ჩარიცხული თანხა რომ არანაირ ქველმოქმედებას არ ხმარდება, ამას ისედაც მიხვდებოდით.
გარდა მატერიალური ზარალისა, მსგავსი თაღლითობა ვნებს იმ რეალურ საქველმოქმედო ფონდებსა და მშობლებს, რომელთაც შვილების გადასარჩენად თანხა სასიცოცხლოდ სჭირდებათ.
როგორ ვიცნოთ თაღლითური პოსტები?
შეამოწმეთ გვერდის ისტორია, როდის შეიქმნა, რამდენი სახელი შეიცვალა. ასევე საინტერესოა მიმღების სახელი და გვარი. თუ ქველმოქმედება "მამა ზურაბის" სახელითაა, ხოლო მიმღები კერძო ფიზიკური პირის გვარია ესეც განგაშის სიგნალია. ხშირად ტექსტები ხელოვნური ინტელექტითაა თარგმნილი ან დაწერილი და შეიცავს ლოგიკურ აცდენებს. და რაც მთავარია, დააკვირდით ფოტოს, მათზე ხელოვნური ინტელექტის კვალი, როგორც წესი, ადვილად აღმოსაჩენია.
პირამიდული სქემები
ვითომ ქველმოქმედების პარალელურად, არანაკლებ აქტიურია კრიპტო პირამიდები და ყალბი საინვესტიციო პლატფორმები.
მათი მთავარი ხელწერა არარეალური დაპირებაა - მაგალითად, დღიური 1-2%-იანი "გარანტირებული" მოგება. სინამდვილეში, ეს არის კლასიკური პონცის სქემა, სადაც ძველი ინვესტორები ახალი წევრების თანხებით ფინანსდებიან. როგორც კი ხალხის ნაკადი წყდება, პირამიდა კოლაფსს განიცდის და ათასობით ადამიანი დანაზოგის გარეშე რჩება.
რეკომენდაცია
არ ენდოთ უცნობ და საეჭვო „პლატფორმებს.“ არც ფეისბუქ ჯგუფებში დაწერილ კომენტარებს, როგორ იშოვეს ფული ამ სქემით. ეს ყველაფერი თქვენს მოტყუებას და დანაზოგის გარეშე დატოვებას ემსახურება. მოკლე დროში მცირე ინვესტიციით ჯერ არავინ გამდიდრებულა.
























