მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის მიერ რეგულაციების გამკაცრება ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირებისა და ჭარბვალიანობის აღიარებაა - გიორგი კეპულაძე

კეპო

ეროვნული ბანკის მიერ PTI კოეფიციენტის გამკაცრება ლარის მსყიდველუნარიანობის შემცირებისა და ჭარბვალიანობის პირდაპირი აღიარებაა,- ამის შესახებ BMG-სთან „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აცხადებს.

მისი თქმით, საბანკო სექტორში უმოქმედო სესხების წილი ამ ეტაპზე დაბალ დონეზეა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა სამომავლო საფრთხეები დაინახა, რაც საშუალო ქართული ოჯახის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდით არის გამოწვეული.

„ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირებამ ავტომატურად გაზარდა ოჯახების ყოველდღიური ხარჯები. თუ ადრე, პირობითად, 2000-ლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქეს რეგულაციით შეეძლო ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობის სესხის ვალდებულება დაეფარა, ახლა ეს ზღვარი მცირდება. დარჩენილი თანხა უბრალოდ, აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა თვიდან თვემდე თავი გაიტანოს. ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, ირიბი აღიარებაა იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში ფასები მკვეთრად გაიზარდა და დღევანდელ 1000 ლარს ის მსყიდველობითი უნარი აღარ აქვს, რაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდა“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე BMG-სთან.

მისივე განმარტებით, ახალი რეგულაციის შედეგად შემცირდება სესხის ის მაქსიმალური მოცულობა, რომლის აღებაც მოქალაქეებს შეეძლებათ, რაც თავის მხრივ, გავლენას იქონიებს საბანკო პორტფელის, განსაკუთრებით კი სამომხმარებლო სესხების ზრდის ტემპზე.

ამასთან, გიორგი კეპულაძის შეფასებით, თუკი ეროვნული ბანკი აღიარებს მსყიდველუნარიანობის შემცირებას, შესაბამისი ნაბიჯები მთავრობამაც უნდა გადადგას - მაგალითად, გადახედოს ამანათების განბაჟების 300-ლარიან ლიმიტსა თუ კომპანიების დღგ-ის 100 000-ლარიან ზღვარს.

„მოთხოვნა ფინანსურ რესურსზე ავტომატურად არ შემცირდება. თუმცა, რადგან ეს შეზღუდვა ეხება არა ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებს, არამედ მათ, ვისაც არასაკმარისი შემოსავალი უფიქსირდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოთხოვნამ მასობრივად ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლოს. საბოლოო ჯამში, მსგავსი რეგულაციის შემოღება აუცილებელიც იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ლარის მსყიდველობითი უნარის გაუარესებამ მოიტანა“, - ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს, მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.

ცვლილება იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე მცირდება. შესაბამისად, ერთი და იმავე შემოსავლის მქონე პირისთვის ბანკიდან ხელმისაწვდომი სესხის მოცულობა, ფაქტობრივად განახევრდება. ანუ ეროვნული ბანკი 1500 ლარიდან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებს ბანკებიდან ასაღები კრედიტის მაქსიმალურ ლიმიტს უნახევრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები