მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Fitch-ი საქართველოში ინფლაციის შემცირებას მეორე კვარტალიდან პროგნოზირებს

6200ef4839eb8
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.22 15:00
836
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch პროგნოზირებს, რომ საქართველოში ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მეორე კვარტალიდან უნდა დაიწყოს.

სააგენტო სწორედ მაღალ ინფლაციას ასახელებს ეკონომიკისთვის წამყვან გამოწვევად. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კი Fitch-ი საქართველოში 2022 წელს 5.5%-იან, 2023-ში კი 5.3%-იან ზრდას მოელის. 

Fitch-ი განახლებული პროგნოზების შესახებ ახალ მიმოხილვაში წერს. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი. 

სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს: "დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს. 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა. ჩვენ მოველით, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2022 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს. მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტალიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6%-ის შემდეგ".

Fitch-ი ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგზე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის უარყოფითი გავლენა ბალანსდება ძლიერი და თანამიმდევრული მაკროპოლიტიკით. საკრედიტო რეიტინგზე ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა გულისხმობს საქართველოს მაკროპოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანამიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოსა და ფრთხილ ფისკალურ სტრატეგიას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ, ისტორიულად, საგარეო შოკებისადმი, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა.

ქართული საბანკო სფეროს შესახებ Fitch-ი წერს, რომ საფინანსო სისტემამ პანდემიის დროს გაზრდილი რისკების დაბალანსება შეძლო და 2021 წლის მეოთხე კვარტალისთვის უმოქმედო სესხების წილი პორტფელის 5.2%-ს შეადგენდა, როდესაც ის წლის პირველ კვარტალში 8.3% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები